სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარების შესაძენად 54.65 მილიონ ლარიანი კონსოლიდირებული ტენდერი ჩაატარა.

ტენდერი 5 ივნისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 12 ივნისს დაიწყო და 13 ივნისს დასრულდა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 54 653 496 ლარია.

დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ტენდერის მიზანს წარმოადგენს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის (მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით და მაკომპლექტირებელი ნაწილებით/საქონლით), ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის (მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით და მაკომპლექტირებელი ნაწილებით/საქონლით), ასევე ლიცენზიებისა და საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა.

ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, პრეტენდენტს უკანასკნელ 5 წელში, შესრულებული უნდა ჰქონდეს, ანალოგიური ტიპის სამუშაო, ღირებულებით 3.1 მლნ ლარი.

კონსოლიდირებული ტენდერი ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და ერთადერთი კანდიდატი Smartmatic International Holding B.V-ია.

დოკუმენტაციის თანახმად Smartmatic International Holding B.V არის შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე კერძო კომპანია, რომელიც დაფუძნებულია და მოქმედებს ნიდერლანდების კანონმდებლობით. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ კომპანიას აქვს ბოლო 20 წლის განმავლობაში 5 კონტინენტის 30-ზე მეტ ქვეყანაში საარჩევნო პროცესების ავტომატიზაციის დიდი გამოცდილება.

Smartmatic რეგისტრირებულია ჰოლანდიის სავაჭრო პალატაში 1985 წელს , ხოლო მისი მშობელი კომპანია SGO Corporation Limited, ასევე კერძო კომპანია, მდებარეობს ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში.