საქართველოში პირველი ელექტროენერგიის დამგროვებელი ბატარეების სისტემის მოწყობა იგეგმება. პროექტის პირველი ფაზა 2025 წელს განხორციელდება და 2028 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 355 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ სააგენტო bpn წერს.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თანხიდან 5 მილიონის ათვისება წელს მოხდება, 120 მილიონი ლარის - მომავალ წელს, 150 მილიონის - 2027 წელს, ხოლო 2028 წელს პროექტში 80 მილიონი დაიხარჯება.
ბიუჯეტის თანახმად, პირველი დამგროვებლები ქ/ს „ქსანი-500“-ის მიმდებარედ განთავსდება და სისტემაში ინტეგრაცია განხორციელდება. დამაგროვებლების სიმძლავრე 200 მგვტ, ხოლო ტევადობა 200 მგვტ.სთ იქნება.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის დამაგროვებლები ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის სისტემის მდგრადობის, მოქნილობისა და უსაფრთხოების ამაღლებას, ამასთანავე შეამცირებს ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულებას.
„გაერთიანებულ სინქრონულ სისტემასთან კავშირის დაკარგვისას, ენერგიის დამგროვებელი მოწყობილობები დაგროვებულ ენერგიას სწრაფად შთანთქავს/მიაწოდებს ელექტროენერგეტიკულ სისტემას, რაც ელექტროენერგიის მოხმარების ან წარმოების ობიექტების შეზღუდვის გარეშე, უზრუნველყოფს მოხმარება-მიწოდების ბალანსის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენასა და სისტემის დასტაბილურებას. შედეგად, შემცირდება ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება.
პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული ჩაქრობის შემთხვევაში მისი ნულიდან ამოქმედების შესაძლებლობას. ამასთან, პროექტი სრულად აღმოფხვრის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდებში თბოელექტროსადგურების შეზღუდული მუშაობითა და ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილის დასავლეთ საქართველოდან გადმოდინებით აღმოსავლეთ საქართველოში გამოწვეულ ძაბვის პრობლემების აღმოფხვრას“, - აღნიშნულია 2025 წლის ბიუჯეტში.
პროექტის განმახორციელებელი კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
საქართველოში ელექტროენერგიის პირველი დამაგროვებლების აშენების შესახებ ცნობილი გასული წლის ივლისში გახდა, როდესაც საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა, დამაგროვებლების შესახებ პროექტი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ შეიმუშავა.