20-21 სექტემბერს მოსულმა ღვარცოფმა "ენგურჰესის" დააზიანა და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფო კომპანია 74 ათასი ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვს ნებართვას.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოსულმა უხვმა ნალექმა და მდ. ოყორანესა და თომის ღვარცოფულმა მოვარდნამ ჩამოიტანა დიდი ოდენობის ქვა ღორღის მასა და ხეები, რამაც გამოიწვია ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის მე-7 შტოლნის მიმდებარე ტერიტორიისა და მე-7 შტოლნაში შესასვლელი კარების ჩახერგვა, მდ. ოყორანისა და მდ. თომის კალაპოტების გავსება, ასევე ენგურჰესის ძალოვანი კვანძიდან თაღოვან კაშხლამდე მიმავალი საინსპექციო გზის დაზიანება.
"მიყენებული დაზიანებების შედეგად შეუძლებელი ხდება მე-7 შტოლნაში შესვლა, კაშხლამდე მიმავალ საინსპექციო გზაზე გადაადგილება და ტვირთების ტრანსპორტირება, ასევე შეუძლებელია სადერივაციო გვირაბის გასწვრივ ფილტრაციულ წყაროებზე პერიოდული დაკვირვება. მდ. ოყორანესა და თომის კალაპოტების ჩახერგვის გამო წვიმის დროს წყალი გადმოდის გზის სავალ ნაწილზე და იწვევს მის შემდგომ დაზიანებას. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება დროის უმოკლეს ვადაში", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
შერჩეულმა კომპანიამ რემსერვის 2002“-მა სამუშაოები 20 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. "გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, შპს ,,რემსერვის 2002“ს გამარტივებული შესყიდვის გზით გაუფორმდეს ხელშეკრულება შპს ,,ენგურჰესის" ობიექტებზე ღვარცოფით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები შესყიდვაზე, ღირებულებით 73820 ლარი დღგ- ს ჩათვლით", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.