ელექტროენერგეტიკული სისტემის 24-25 ივლისის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, შესაბამისი რეგულაციები დროულად რომ განხორციელებულიყო და ტექნიკური ავტომატიკა გამართულად ყოფილიყო - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სემეკის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სისტემური ავარიების საკითხის დეტალური შესწავლა დაასრულა. შემოწმების ფარგლებში გადამცემი და გენერაციის ობიექტების ქსელის წესებთან შესაბამისობა შეისწავლეს და არაერთი ხარვეზი და დარღვევა გამოავლინეს.

ნარმანიას თქმით, სამუშაო ჯგუფის დასკვნა შესაბამის დაინტერესებულ პირებს გადაეგზავნებათ, მათ შორის ელექტროსისტემას, ხრამჰესსა და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე „ენერგო-პროს“. კომპანიებს დასკვნაში წარმოდგენილ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ, რის შემდეგაც სემეკი განხილვას ორ კვირაში დაასრულებს.

„მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა 24-25 ივლისის სისტემური ავარიების საკითხების დეტალური შესწავლა. შესწავლილ იქნა გადამცემი და გენერაციის ობიექტების საქმიანობის ქსელის წესებთან შესაბამისობის საკითხები. არაერთი ხარვეზი და დარღვევა იქნა აღმოჩენილი სამუშაო ჯგუფის მიერ და მომზადებული და ხელმოწერილი დასკვნა გადაეგზავნებათ შესაბამის დაინტერესებულ პირებს. ელექტროსისტემას, ხრამჰესს და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე ენერგოპროს, იმისათვის, რომ გაეცნონ დასკვნაში წარმოდგენილ საკითხებს და წარმოადგინონ მათი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ორი კვირის ვადაში მარეგულირებელი კომისია დაასრულებს საკითხის განხილვას და მიიღებს შესაბამის ზომებს და შედეგად დასანქცირდებიან კომპანიები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები საკმარისია იმისთვის, რომ კომისიამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ზომა გამოიყენოს.

„დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ კომისიამ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ზომა“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, მაქსიმალური სანქცია ერთ შემთხვევაში 75 000 ლარია. ვინაიდან საუბარია ორ სისტემურ ავარიაზე, თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე იქნება შესწავლილი.

კითხვაზე, რა ხასიათის დარღვევები გამოვლინდა და შეიძლებოდა თუ არა 24-25 ივლისის ავარიული გათიშვების თავიდან აცილება, ნარმანიამ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შეფასებით, ამის შესაძლებლობა არსებობდა.

„მარეგულირებელი კომისია, მარეგულირებელი კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს იმას, რომ ამ სისტემური ავარიების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი რეგულირებების გაკეთებით, რომელიც არ განხორციელდა თავის დროზე, ასევე მწყობრში უნდა ყოფილიყო ავტომატიკა და შესაბამისად სხვა მარეგულირებელი ტექნიკური ინსტრუმენტები. ამ ყველაფერზე საკმაოდ ვრცლად არის საუბარი იმ დეტალურ ანგარიშში, რომელიც იქნება წარმოდგენილი და შესაბამისად მერე შეგეძლებათ თქვენ თვითონ გაავრცელოთ დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

ნარმანიას განმარტებით, კომისია კომპანიების საქმიანობას ტექნიკური რეგულაციებისა და ქსელის წესებთან შესაბამისობის ნაწილში სწავლობს. სისხლისსამართლებრივ დანაშაულთან დაკავშირებით მსჯელობა კი სემეკის უფლებამოსილება არ არის.

ვრცლად: BMG