ხაბაროვსკის მანქანათმშენებელმა ქარხანამ Дальэнергомаш-მა 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ტექნიკის მიწოდება განაახლა. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TASS-ი რეგიონის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Дальэнергомаш-ი არ აკონკრეტებს თუ ვისგან მიიღო  შეკვეთა, თუმცა წერს, რომ აღჭურვილობა საქართველოში მიეწოდება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ქარხანამ მიიღო შეკვეთა საქართველოდან. აზოტის აირის გენერატორი გაეგზავნება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს. ასევე, 2023 წელს, კომპანიამ უკვე გააგზავნა ტექნიკა ინდოეთში და ყაზახეთში არსებულ მეტალურგიულ ქარხნებს“, - ნათქვამია რუსული ქარხნის განცხადებას. 

Дальэнергомаш-ი აწარმოებს კომპრესორებს, წნევისა და ელექტრო მოწყობილობებს მეტალურგიული კომპლექსებისა და ქიმიური მრეწველობის ქარხნებისთვის. კომპანია აღჭურვილობას აწვდის ათეულ ქვეყანას, მათ შორის ბელარუსს, ბულგარეთს, ინდოეთს, ირანს.