„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არის საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი კვლევა, რომელიც გულისხმობს არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტს“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, კვლევაზე მუშაობა დღესაც გრძელდება და წინასწარი შეფასებით, გენერაციის ზრდის პოტენციალი დაახლოებით 2–3%-ს შეადგენს.
„ყოველწლიური მოხმარება, დაახლოებით, 14 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენს. ჩვენი დამოკიდებულების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით პიკურ პერიოდებში. ჩვენი ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია სრულად და ყოვლისმომცველად მოიცავს გაზის, ისევე როგორც ელექტროენერგიის მიმართულებით სტაბილურ და მდგრად განვითარებას“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული რეფორმების შედეგად პროცესები სრულად გამჭვირვალე გახდა. მისი თქმით, როგორც საკადრო და პოლიტიკის მიმართულებით, ისე მემორანდუმებისა და ქსელთან დაერთების პროცედურებში, უზრუნველყოფილია თანაბარი პირობები ყველა ინვესტორისთვის და მანკიერი პრაქტიკა აღარ არსებობს.
„მსურს, რომ დავიწყო იმ რეფორმით და იმ ცვლილებებით, რომელიც ზოგადად ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა, მათ შორის საკადრო მიმართულებით, პოლიტიკის მიმართულებით და იმ წესებთან მიმართებაში, რომელმაც უზრუნველყო პროცესების აბსოლუტური გამჭვირვალეობა. მინდა სრული პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო და ყველა ის უწყება, რომელიც ენერგეტიკის და არა მხოლოდ ამ სექტორში ოპერირებს, ყველა დაინტერესებულ მხარესთან სრული გამჭვირვალობისა და თანაბარი პირობების დაცვით თანამშრომლობს. არ არსებობს არცერთი მანკიერი პრაქტიკა. ყველა პროცესი - იქნება ეს ქსელზე დაერთება თუ მემორანდუმის გაფორმება, სრულიად გამჭვირვალეა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს