"ახლა ვხედავ, რომ ცდილობენ, მოახრჩონ თავისუფალი სიტყვა და იმის მიღმა თავისუფალი აზრი" - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში ფინანსისტმა ნიკოლოზ შურღაიამ ქვეყნის ეკონომიკური მოლოდინებისა და ბიზნესგარემოს შეფასებისას ისაუბრა.

"მე ამაზე ვაფრთხილებდი ბიზნესის წრეებს, თუ ახსოვთ და ისმენდნენ, 2023 წლის ზაფხულში, 2023 წლის შემოდგომაზე, 2024 წლის დასაწყისში, წიგნიც იმიტომ დავწერე... თუ ადამიანმა იცის ეკონომიკური კანონები და მსოფლიო ისტორია, ადვილად დაინახავს, როგორ იქცევა ხელისუფალი და ამას რა შედეგი მოჰყვება.

მე ახლა ვხედავ, რომ ცდილობენ, მოახრჩონ თავისუფალი სიტყვა და იმის მიღმა თავისუფალი აზრი. ანუ, ისეთი შიში დათესონ, რომ თავის თავსაც კი არ უთხრან ადამიანებმა სიმართლე. რატომ აკეთებენ ამას?! მოტივაცია არის, რომ იმდენი ფული ჰქონდეთ, სიკვდილის შიში ჩაახშონ. საბოლოო ჯამში, შიშების ძირში სიკვდილის შიშია. კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სიკვდილის შიში და ბევრი ფული და ძალაუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ ის პატარა ბიჭები არ იყვნენ, ხმელ მჭადებზე რომ დადიოდნენ. ამ შიშის გამო მთელ ქვეყანას თრგუნავენ. ამ მოტივაციას რომ ვხედავთ, რომ შიში ჩაგვინერგონ და თვითონ იყვნენ კარგად, ეს ასე არ მუშაობს ჯანსაღ ქვეყნებსა და საზოგადოებებში და ვერ იმუშავებს", - განაცხადა შურღაიამ.

"საქმიანი დილას" ეთერში ფინანსისტმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ერთი ბიზნესსექტორის გამოწვევები სხვაზეც აისახება, რაც ეკონომიკურ დეპრესიას იწვევს, რის გზასაც საქართველო ადგას.

"ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრებაში, თუ ვერ ბედავს რომ ხეები დარგოს, უნდა გადავიდეს ერთწლიან კულტურებზე. ბევრად მეტის მომცემია გრძელვადიანი კულტურები, თუ შეგიძლია დაელოდო, რომ ხე დარგო და მეტი მოსავალი მიიღო. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში, ადამიანს ბინის ყიდვა აღარ უნდა, იმიტომ, რომ რა სიამოვნებაა, ვისთან უნდა მოიწონოს თავი, როცა პერსპექტივა აღარ გაქვს - ეს პრობლემა მისდის ბინის მშენებელს, ბინის დეველოპერს, შემდეგ ცემენტის მწარმოებელს, ავეჯის იმპორტიორს - ეს მთელი ჯაჭვია, რომელიც ირღვევა, ამცირებენ თანამშრომლებს და ასე ხდება ეკონომიკური დეპრესია - ჩვენ ახლა ამ გზაზე დავდექით და რამდენიც არ უნდა გვარწმუნოს საქსტატმა, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან მაგრად იზრდება, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს", - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.