ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში 13.6 %-ია, - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ჩრდილოვანი ეკონომიკის ჩამოყალიბების ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის ბიუროკრატიული სირთულეები და ქვეყანაში არსებული დაბალი საგადასახადო კულტურა. 

,,რა იწვევს ჩრდილოვან ეკონომიკას - ჯერ ერთი, არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული სტატისტიკაში, მისი მწარმოებელი სუბიექტები არ იხდიან გადასახადებს, ხშირად არღვევენ კანონმდებლობას და რაც მთავარია, არ არსებობს სოციალური დაცვა. ასევე, მაღალია გადასახადები, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ სურთ გადასახადის გადახდა, გარკვეულ ბიუროკრატიასაც აქვს ადგილი და სირთულეებია რეგისტრაციის დროს. არ უნდა გამოირიცხოს, არა მარტო საქართველოს სინამდვილეში, არამედ, ზოგადად, უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და როცა არსებობს შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის დიდი მიწოდება, ვიდრე მოთხოვნაა, ადამიანები გაცილებით დაბალ ანაზღაურებაზე თანხმდებიან, ოღონდ ანაზღაურება მიიღონ, ესეც ახდენს გავლენას ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობაზე",- ამბობს არჩვაძე.

ეკონომისტის თქმით, ალბათობა იმისა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა გაქრება ან ნულის ნიშნულამდე დავა არ არსებობს, თუმცა სოციალურ-აღმზრდელობითი მუშაობით და მეწარმეების ხელშეწყობით, მისი წილი სრულ ეკონომიკაში შესაძლოა საგრძნობლდა შემცირდეს.

,,უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, თუმცა, არის რამდენიმე ასპექტი. პირველ რიგში, ეს არის სოციალურ-აღმზრდელობითი მუშაობა, გარკვეული ცოდნის, განათლების შეტანა ჩვენს საზოგადოებაში და შემდეგ ეკონომიკური ფაქტორები: მეწარმეების ხელშეწყობა, ფინანსებისადმი წვდომის გაიოლება, იურიდიული კონსულტაცია სახელმწიფოს მხრიდან, რეგისტრაციის გამარტივება, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, გადასახადების კიდევ უფრო მეტად გამარტივება და შემცირება პირველ რიგში, მცირე ბიზნესისთვის.

იმის გარანტია, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა ნულოვან დონემდე დავა, არ არსებობს. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაშიც კი გარკვეულ ნიშას იკავებს, თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები 1.5-2.5 ტრილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს",- აღნიშნა ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ.