2026 წლის იანვარ-ივლისში მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადიდან საქართველოს ბიუჯეტში 205.8 მლნ ლარი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.7 მლნ ლარით, ანუ 15%-ით მეტია.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების, კონსოლიდაციის გარეშე, მონაცემებით, 2025 წლის პირველ შვიდ თვეში მსუბუქი ავტომობილების აქციზიდან ბიუჯეტში 179.1 მლნ ლარი იყო მობილიზებული.

ამასთან, გაიზარდა ავტომობილების აქციზის წილიც აქციზის გადასახადიდან მიღებულ მთლიან შემოსავალში. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-ივლისში ეს მაჩვენებელი 13.9%-ს შეადგენდა, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში 12.8% იყო.

მთლიანობაში, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 1.483 მლრდ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი — 1.399 მლრდ ლარი.

მსუბუქი ავტომობილების აქციზიდან მიღებული შემოსავლების ზრდა, მათ შორის, ავტომობილების განბაჟების ტარიფების ცვლილებას უკავშირდება. ახალი რეგულაციებით, 2024 წლამდე გამოშვებული ავტომობილების განბაჟება გაძვირდა.

კერძოდ, 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების გარკვეული კატეგორიისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის თითო კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრა. ცვლილება შეეხო 2020-2023 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთა შემთხვევაში აქამდე მოქმედი განაკვეთი 0.8-დან 1.4 ლარამდე მერყეობდა.

რაც შეეხება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, მათი განბაჟების აქციზის განაკვეთი თითო კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარამდე გაიზარდა, რაც წინა ტარიფთან შედარებით მნიშვნელოვან გაძვირებას წარმოადგენს.