ჩოხატაურის მერიამ გზების თოვლისგან გასაწმენდად კომპანია გაზაფხულზე დაიქირავა. ხელშეკრულება 19 მარტსაა გაფორმებული ანუ იმ დროს, როცა ჩოხატაურში თოვლი საერთოდ არ იყო.
"პირველებმა" მოიპოვა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ 300 ათასი ლარი ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის ოჯახის წევრმა უნდა მიიღოს. სწორედ გივი მათითაიშვილისგან უნდა მიიღოს თოვლის გამწმენდი ტექნიკა მუნიციპალიტეტმა. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ტექნიკის დაქირავება გადაუდებელი აუცილებლობის წესით, ანუ ტენდერის გარეშეა საჭირო. ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია, რომ დაფინანსების წყარო ადგილობრივი ბიუჯეტია, რაც ასევე არსწორია, რადგან ეს არის თანხა, რომელიც მთავრობამ სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყო.
ვის მოუვიდა აზრად გზების არარსებული თოვლისგან გაწმენდა, ამას ახსნას ვერც ივანიშვილის პარტიის წევრები უძებნიან.
"ეგ არის ალბათ წინასწარ შესრულებული სამუშაო, რომელიც იქნა შესრულებული და არის ის, რომ ადმინისტრირება ამ ტანხის არ მოხდა სწორად. ეს არის კანონთან შეუსაბამო", - ამბობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ სიხარულიძე.
მედიამ კითხვებზე პასუხების მიღება მათითაიშვილისგან სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისი ნახვა ვერც საცხოვრებელ ადგილზე მოხერხდა.