რა გავლენას მოახდენს ეროვნული ვალუტის გამყარება ექსპორტზე და რამდენად მოსალოდნელია, რომ ექსპორტიორების ნაწილმა პროდუქციის გატანა შეაჩეროს. ამ თემაზე „კომერსანტის“ ეთერში ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრმა გვანცა მელაძემ ისაუბრა.
„ფორმულირება, რომ ლარს კურსის გამყარება ექსპორტს ხელს არ უწყობს, ზოგადად სწორია, მაგრამ მაკროეკონომიკურ დონეზე ვინაიდან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს და მეტს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით, საბოლოო ჯამში ეს დიდ ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. თუმცა ადგილობრივი ექსპორტისთვის წარმოადგენს პრობლემას.
ლარის გამყარება გრძელ ვადაში არ იქნება პრობლემა, მაგრამ პრობლემაა ის, რომ კომპანიებს უჭირთ პროგნოზირება, იქიდან გამომდინარე, რომ არ იციან, რა ტენდენციები იქნება. ბიზნესში ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ვიდრე რაიმე კონკრეტული შეფარდება და გაცვლითი კურსი. აქედან გამომდინარე ვაწყდებით პრობლემას, რომ გვიჭირს დაგეგმვა გრძელ ვადაზე, რომ მოვახდინოთ ხანგრძლივი საპარტნიორო ურთიერთობების გაფორმება და უფრო სტაბილური ბაზრების ათვისება და შესაბამისად დივერსიფიცირება რუსეთისა და დსთ-ს ბაზრისგან.
ახლა იწყება სასურსათო სეზონი და ველოდებით, რომ შესაძლოა იყოს ექსპორტიორთა მხრიდან პროდუქციის გატანის შეჩერების შემთხვევები პიკურ მომენტებში ივლისსა და სექტემბერში,“ - განაცხადა გვანცა მელაძემ.