უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ მომდევნო პერიოდში შესაძლოა, ბაზარზე გასაქირავებელი ბინების ნაწილში ჭარბი მიწოდება გაჩნდეს.

როგორც Sakura Properties-ის დამფუძნებელმა BMG-ის განუცხადა, გასულ პერიოდში მიგრანტების მხრიდან ქირაზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის გამო, საინვესტიციოდ მშენებარე ბინების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. ვიქტორია საკუროვას თქმით, მიგრაციის ეფექტის მილევასთან ერთად კი არაა გამორიცხული, ბაზარზე მომდევნო წლებში ჭარბი გასაქირავებელი უძრავი ქონება გაჩნდეს, რაც თავის მხრივ, ქირის ფასსაც შეამცირებს.

„მიგრაციის დროს ძალიან ბევრმა ქართველმა მცირე და საშუალო ინვესტორმა მშენებარე პროექტებში დიდი რაოდენობით ინვესტიცია გააკეთა, ბევრი ბინა შეიძინეს გაქირავების მიზნით, რადგან მოლოდინი იყო, რომ მიგრაციის ეფექტი გაგრძელდებოდა. აქედან გამომდინარე, იმ წელს დეველოპერების მხრიდან 35%-ით გაიზარდა დამტკიცებული პროექტების რაოდენობა, რადგან საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა ასე მკვეთრად იყო გაზრდილი. თუმცა, რეალურად ეს საინვესტიციო მოთხოვნა იყო.

რამდენიმე წელში, როდესაც ეს მშენებარე პროექტები დასრულდება, რომელიც 2-3 წლის წინ დაიწყო, დავინახავთ, რომ ბაზარზე ჭარბი გასაქირავებელი ბინები გამოვა. შემდეგ რა მოხდება არავინ იცის, თუმცა მოლოდინია, რომ ქირის ფასები აუცილებლად შემცირდება, რადგან მიწოდება მკვეთრად გაიზრდება. ფასების კლება იმ დონემდე არ მოხდება, როგორც ეს სამი წლის წინ იყო, თუმცა მაინც ველოდებით შემცირებას“, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.

ცნობისთვის, დეკემბერში თბილისში ქირის ფასი წლიურად 10%-ით შემცირდა და გასული წლის ბოლოს კვადრატულ მეტრზე 11 დოლარი შეადგინა. ქირა ნოემბერთან შედარებითაც გაიაფდა, ჯამში 3%-ით.