საქართველოს ეროვნული ბანკმა „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში" ცვლილებები შეიტანა და დარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ზედა ზღვარი გაზარდა. შედეგად სებ-ს ბანკების დაჯარიმება შეეძლება მათი საზედამხედველო კაპიტალის 1%-ის ოდენობის თანხითაც, რასაც აქამდე კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა და მისი ზედა ზღვარი 0.1%-ით იყო განსაზღვრული.
ბანკების ფულადი ჯარიმების განმსაზღვრელი ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ეროვნულმა ბანკმა 2009 წელს მიიღო და მისი მიხედვით, სებ-ს ბანკებისთვის შეეძლო დაეწესებინა ჯარიმა, რომლის მოცულობაც იყო საზედამხედველო კაპიტალის 0.01%, 0.05%, 0.1%, ხოლო ახალი ბრძანებით მას ემატება საზედამხედველო კაპიტალის 0.5%-ისა და 1%-ის ოდენობის ჯარიმები.
სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრი ნიკოლოზ ყაველაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბანკებისთვის დადგენილი ჯარიმების ზედა ზღვრის საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-დან 1%-მდე გაზრდა საკმაოდ მკვეთრი ცვლილებაა რამაც, სრულად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე.
„კომერციული ბანკების დაჯარიმება მათი საზედამხედველო კაპიტალის 1%-ის ოდენობის თანხით საკმაოდ მძიმე სანქციაა. წარმოიდგინეთ უმსხვილესი ქართული ბანკი, რომლის საზედამხედველო კაპიტალი უხეშად 5 000 000 000 ლარია, პოტენციურად მას შესაძლოა 50 000 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისროს. ეს თანხა მართალია ამ კომერციულ ბანკს არ გააკოტრებს, მაგრამ გარკვეულ უარყოფით გავლენას იქონიებს ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე და შესაძლოა რეპუტაციაზეც.
ზოგადად ზედამხედველების მიერ ბანკების დაჯარიმების შესაძლებლობის გამო გამოწვეული უარყოფითი და დადებითი ეფექტების ბალანსზე ცალსახა აზრი არ არსებობს, თუმცა კვლევების უმეტესობა გადამეტებული ჯარიმების უარყოფით ეფექტზე მიანიშნებს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ პრაქტიკაში სებ-ი ასეთ მკაცრ სანქციებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.“- აღნიშნა ნიკოლოზ ყაველაშვილმა.