„საქართველოს ხელისუფლებამ საფრენოსნო პროგრამისთვის ყველა საჭირო ნებართვა უზრუნველყო და თბილისის აეროპორტმა – სლოტები და საჰაერო ხომალდების სახმელეთო მომსახურებისთვის საჭირო ყველა კონტრაქტი გაგვიფორმა. მოსკოვი-თბილისის ფრენების გარდა, Azimut-ი დაინტერესებულია ავიარეისების განხორციელებით საქართველოს ქალაქებში - ბათუმსა და ქუთაისში, მათ შორის რუსეთის რეგიონებიდან, - ამის შესახებ RBC-ს Azimut Airlines-ის თანამფლობელმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ პაველ უდოდმა განუცხადა.

რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის პირველი სამგზავრო რეისი საქართველოს მიმართულებით ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის თითქმის ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ პარასკევს, 19 მაისს შესრულდება.  ფრენები მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტსა და თბილისს შორის Superjet თვითმფრინავით, კვირაში შვიდჯერ, 2023 წლის ოქტომბრის ბოლომდე, რეგულარულად განხორციელდება. მისი თქმით, ზამთრის განრიგში გამგზავრების დროის თვალსაზრისით ცვლილებებია შესაძლებელი და უახლოეს ორ თვეში გაირკვევა, რამდენად სტაბილური იქნება ეს მიმართულება.

Azimut Airlines-ის თანამფლობელი RBC-ს მოსკოვი-თბილისის რეისი ბილეთის ფასებზე, მოთხოვნაზე, სამომავლო გეგმებსა და საქართველოში შემოსვლის პროცედურებზე ესაუბრა.

რა ღირს ბილეთები?

„Azimuth-ის ფრენების მინიმალური ფასი მაისში მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით (ერთი გზა) 17,458 რუბლიდან იწყება, ივნისში - 20,838 რუბლიდან. Azimut Airlines-ის თანამფლობელის თქმით, ბილეთის ფასს ბაზარი განსაზღვრავს. ეს ბილეთის საშუალო ფასია, რომელსაც მგზავრი მოსკოვიდან საქართველოში ფრენისთვის, ერევნის გავლით, იხდის. ჩვენ ის არ გაგვიზრდია, რადგან პირველი რეისები მგზავრების მოზიდვას ემსახურება“, - აცხადებს უდოდი RBC-სთან.

როგორია მოთხოვნა?

Azimut Airlines-ის თანამფლობელისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თქმით, თბილისის მიმართულებით ფრენების ბილეთების გაყიდვა „კარგად, აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ აჟიოტაჟი არ არის“.

უდოდი აცხადებს, რომ ავიაკომპანიის ფლოტს ჰყავს 19 Superjet თვითმფრინავი 100-103 მგზავრის ტევადობით, ანუ Azimuth ყოველ კვირას მოსკოვსა და თბილისს შორის დაახლოებით 1300 ადამიანის გადასაყვანად ემზადება.

როგორ განხორციელდება თვითმფრინავის მომსახურება?

სლოტების გაცემამდე (აფრენის ან დაფრენის დროის ინტერვალი), Azimuth-მა თბილისის აეროპორტს მიაწოდა დოკუმენტები სახმელეთო მომსახურებისა და თვითმფრინავების საწვავის შევსების შესახებ. ამავდროულად, სუპერჯეტის ტექნიკური მომსახურება თბილისის აეროპორტში Transit Check ფორმის მიხედვით (მომსახურების უმარტივესი ფორმა) მოხდება, რომელსაც პილოტები ახორციელებენ.

„ერევანსა და სტამბოლში, სადაც Azimut-ი ყოველდღიურად რამდენიმე რეისს ახორციელებს, კომპანიას საკუთარი ავტოგასამართი სადგურები აქვს. აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში ფრენებისას, თვითმფრინავში ინჟინერი იმყოფება. პირველ ეტაპზე ასე იქნება საქართველოს მიმართულებით ფრენებზეც. ეს კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელიც ამართლებს,“ - განმარტავს უდოდი.

Azimut-ის გეგმები

მოსკოვი-თბილისის ფრენების გარდა, Azimut-ი დაინტერესებულია ავიარეისების განხორციელებით საქართველოს ქალაქებში - ბათუმსა და ქუთაისში, მათ შორის რუსეთის რეგიონებიდან.

„ახლა ეს საკითხი განიხილება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ნებართვებისა და სიხშირეების შესახებ - აქ გადამწყვეტი როლი ტრანსპორტის სამინისტროს და ქართული მხარის მარეგულირებელს  ეკისრება. მიმდინარეობს კონსულტაციები“, – ამბობს კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი.

უდოდის თქმით, საქართველოს აქვს მოთხოვნა, რომ დაცული იყოს პარიტეტი სიხშირეების კუთხით: თუ რუსული ავიახაზები კვირაში 20 რეისს ახორციელებენ, მაშინ იმავეს გააკეთებენ ქართული ავიახაზებიც. მაგრამ ქართულ კომპანიებს არ ჰყავთ იმდენი თვითმფრინავი, რამდენიც რუსულს. გარდა ამისა, ისინი ევროპაში დაფრინავენ და არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მთელი ფლოტი მხოლოდ რუსეთზე მიამაგრონ. ამიტომ, ზოგიერთი შემზღუდველი ფაქტორი გავლენას მოახდენს სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობაზე,“ - აცხადებს უდოდი.

როგორი იყო ქართულ ბაზარზე შესვლის პროცედურა

უდოდის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ Azimut-ის დოკუმენტაციის ანალიზი არ განსხვავდებოდა იმ პროცედურებისგან, რომლებიც გადამზიდავმა სხვა ქვეყნებში ფრენების დაწყებამდე გაიარა. „ქართული მარეგულირებელი ევროპული სტანდარტების მიხედვით მუშაობს, ასე რომ, თუ ავიაკომპანიას აქვს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ოპერაციული უსაფრთხოების აუდიტის სერტიფიკატი, ეს მკვეთრად ამარტივებს კონტროლის ყველა პროცედურას,“- აცხადებს Azimut Airlines-ის თანამფლობელისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.