შეერთებული შტატები დიდ ინტერესს იჩენს უზბეკეთის ბუნებრივი რესურსების მიმართ. ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა ამერიკული ბიზნესისთვის იშვიათი წიაღისეულის მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება გახდეს. ამის შესახებ Eurasianet წერს.

უზბეკეთმა მოამზადა $2,6 მილიარდიანი საინვესტიციო გეგმა მინერალური რესურსების განვითარებისთვის. საინვესტიციო გეგმა მოიცავს 76 პროექტს, რომელიც 28 სახეობის ბუნებრივი რესურსის მოპოვებას შეეხება, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებს, როგორიცაა ვოლფრამი, ლითიუმი, ტიტანი და ვანადიუმი.

უზბეკეთში არის ისეთი მნიშვნელოვანი მინერალების საბადოები, როგორიცაა ვოლფრამი, ლითიუმი, ტიტანი და ვანადიუმი, ელემენტი, რომელიც გამოიყენება ბირთვული რეაქტორების მშენებლობაში, მაგრამ მათი მოპოვება მცირე ოდენობით ხდება, ნაწილობრივ ინვესტიციების ნაკლებობის გამო.

უზბეკეთის საინვესტიციო გეგმა მოიცავს გეოლოგიური ძებნა-ძიების სამუშაოების დაფინანსებას, ასევე ტექნოლოგიური ჰაბების განვითარებას ტაშკენტისა და სამარყანდის რეგიონებში.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს გაზარდოს წვდომა იშვიათ მინერალებზე მთელს მსოფლიოში, რაც მიზნად ისახავს შეამციროს ჩინეთზე კრიტიკული მარაგებზე დამოკიდებულება.

როგორც ჩანს, უზბეკეთი ვაშინგტონში განიხილება, როგორც რესურსების მნიშვნელოვანი მიმწოდებელი. 21 თებერვალს თავის უზბეკ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ისარგებლოს „მნიშვნელოვანი წიაღისეულში ინვესტირების ორმხრივად მომგებიანი შესაძლებლობებით“.

ორმა ქვეყანამ თანამშრომლობაზე საუბარი ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო. 2024 წლის სექტემბერში უზბეკეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მოიცავს მინერალური რესურსების განვითარებას.

brg.ge