„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქმეში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს მაინც უნდა გადასცდეს, რომ მის ევროინტეგრაციაზე სერიოზულად დაიწყოს საუბარი, არსებული ტემპების გათვალისწინებით კი, ამ მაჩვენებელს საქართველო უკვე 2025 წელს გადააბიჯებს.
მისი თქმით, გუშინ გამოქვეყნებული საქართველოს ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, რომლის მიხედვითაც 2023 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 7,6 პროცენტით გაიზარდა, ჩანს, რომ ამ ტემპით, წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8200 დოლარს მიაღწევს, მაშინ, როდესაც 2021 წლის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 4250 დოლარი იყო.
ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება არაადეკვატურია და მსგავსი მოთხოვნა ევროინტეგრაციის გზაზე არ ყოფილა.
„ცოტა რთული არის ირაკლი კობახიძის განცხადებებზე საუბარი, არაადეკვატური განცხადებაა, რადგან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. მსგავსი საუბარი იყო, მაგრამ ადრე და სრულიად სხვა კონტექსტში, ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინაპირობები წაყენებული რაც ევროინტეგრაციისთვის გვჭირდება ე.წ. 12 პუნქტი და იქ არაფერ მსგავსზე საუბარი არ არის. საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც, მაგრამ ისინი ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე წინ არიან, მათ მისცეს სტატუსი ჩვენ - არა. ჩვენ არ მოგვცეს რადგან ფუნდამენტური პრობლემები გვაქვს, მათ შორის კანონის უზენაესობა, პოლარიზაცია და სხვა, რაზედაც იმ 12 პუნქტში არის საუბარი. ასე არაადეკვატურად სხვაგან გადატანა საუბრის არ შეიძლება, არასდროს არ თქმულა, რომ რაიმე მოთხოვნა არსებობს მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმალური დონის შესახებ.
ჩვენ ამ კუთხით არ გვაქვს პრობლემები ევროინტეგრაციის გზაზე, სხვა კუთხით გვაქვს და იმას უნდა მივხედოთ“, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.