2023 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში, უცხოეთის მოქალაქეებმა საქართველოში 5,159 ბინა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა ყველაზე მეტი, 2187 ბინა იყიდეს, მყიდველთა რაოდენობამ კი 1679 ადამიანი შეადგინა.
კომპანია „ჯეორეალთის“ დირექტორი, რეალტორთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაია გამზარდია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსი ბროკერების რაოდენობაც, რომლებიც სავარაუდოდ არაოფიციალურად საქმიანობენ და გადასახადებსაც არ იხდიან.
„რუსი ბროკერების სიმრავლე ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად შეინიშნება. ესენი არიან რუსულენოვანი ადამიანები, რომლებსაც აქ აქვთ კომპანიები, თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ მათი ორგანიზაციები ისეთივე ოფიციალურია, როგორებიც ჩვენი და არიან გადასახადების გადამხდელები.
ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, შეიძინეს უძრავი ქონებები, აქვთ თავიანთი სეგმენტი და ეს მსხვილი ბროკერები მუშაობენ ამ ქონებებით ძალიან აქტიურად. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ მოლაპარაკებები აწარმოონ უძრავი ქონების მესაკუთრეებთან და შესთავაზონ თავიანთი სერვისები.
ზოგადად ვფიქრობ, რომ რა ტიპის ეროვნების ადამიანმაც არ უნდა გახსნას საქართველოში თავისი ბიზნესი და წარმომადგენლობა, ის ვალდებულია, დაემორჩილოს ჩვენს კანონებს, როგორც იურიდიული, ასევე საგადასახადო კუთხით, ამიტომ კანონმდებლობით როგორც იბეგრება ყველა, ისე უნდა იბეგრებოდნენ ისინიც. რამდენად შესაძლებელია მათი კონტროლი ჩვენ რეალობაში, ეს ვფიქრობ რთულია საკითხია“, - აღნიშნავს მაია გამზარდია.