სააგენტოსთვის სახელის გადარქმევამ არ მგონია, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით შედეგი გამოიღოს - ასე აფასებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის სამინისტროში "ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო” იქმნება.
როგორც ქობულია BMG-სთან აცხადებს, ქვეყანაში ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მუშაობა გასააქტიურებელია, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ სააგენტოდან “აწარმოე საქართველოში” ფუნქციების ნაწილის ახალ სააგენტოში გადატანით, ამ მიმართულებით რეალური შედეგი დადგეს.
“არ არის დიდი საიდუმლო, რომ ჩვენ საკმაოდ გვიჭირს ინვესტიციებში. ინვესტიციების მოზიდვის ძალიან პრიორიტეტულია. ჩვენ ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში, მაშინაც იგივე საკითხი იდგა ძალიან მწვავედ, რომ ჩვენ არასაკმარის სამუშაოებს ვატარებდით იმისთვის, რომ აქტიურად გვემუშავა უცხოელ ინვესტორებთან. ამიტომ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით სამუშაოს გაძლიერება სწორია.
ახლა საკითხი არის, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. ის ინიციატივა, რომელიც დღეს არის გაჟღერებული, რომ PPP სააგენტო უნდა გადაიტანონ ეკონომიკის სამინისტროში და გააერთიანონ „აწარმოე საქართველოსთან“ და გადაარქვან სახელი, არ მგონია, რომ შედეგს გამოიღებს. რატომ? იმიტომ, რომ ძირითადად მაინც იქნება „აწარმოე საქართველოს“ სტრუქტურაზე დაფუძნებული სამუშაო. მეორე სააგენტო [საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო], რას უნდა საქმიანობდეს 700 000 ლარის მქონე ბიუჯეტის ორგანიზაცია? არც გამიგია. დაახლოებით მესმის რას საქმიანობს, მაგრამ მე მგონი დიდს არაფერს.
მას რომ გააერთიანებ „აწარმოე საქართველოსთან“, რას მივიღებთ? მივიღებთ იგივე „აწარმოე საქართველოს“, ოღონდ სხვა სახელით. „აწარმოე საქართველო“, როგორც ჩვენ ვიცით, მისი ძირითადი მანდატი ეს არის საშუალო და მცირე ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერა. ამ სამუშაოს, მგონი, მეტ-ნაკლებად „აწარმოე საქართველო“ დამაკმაყოფილებლად აკეთებს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ინვესტიციებზე, ჩვენ ვლაპარაკობთ საშუალო და მსხვილ ინვესტიციებზე. ასეთი ინვესტიციების მოზიდვაში „აწარმოე საქართველოს“ არც კომპეტენცია და არც მანდატი არ ჰქონია. ამიტომ ამ სახელის გადარქმევით არმგონია, რომ ჩვენ იმ შედეგს მივაღწიოთ [ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით], რაც გვინდა.
ამ შედეგის მიღწევა ალბათ უფრო შესაძლებელია იმ მეორე პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსებას გაუწევს ინვესტორებთან ერთად მსხვილ პროექტებს. ამ ახალ ორგანიზაციაში შესაძლოა, მსხვილი და საშუალო ინვესტიციების მოზიდვის ფუნქცია უფრო ეფექტური იყოს”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ცნობისთვის, საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) სააგენტო არსებული სახით უქმდება. PPP სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებიდან ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ გადადის და სახელი და ფორმატი ეცვლება - მას სსიპ "ინვესტიციების და ექსპორტის" სააგენტო უნდა ეწოდოს.
ახალ სააგენტოს ქვეყნის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერა დაევალება. ახალი სახით ფორმირებულ უწყებაში უნდა გადავიდეს სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი.