„2024 წელი არ იყო მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა,“ - ასე აჯამებს წელს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.
მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, ბევრი დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა, რომელთა შორის, მაღალი ეკონომიკური ზრდა, შემცირებული ინფლაცია და დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაა.
რაც შეეხება ნეგატიურ ფაქტორებს, სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ამ მხრივ, 2024 წელსაც გამოწვევა, სიღარიბის დაძლევა, საერთო უმუშევრობის დონე და დემოგრაფიული ვითარება იყო.
„2024 წელი არ იყო მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა (დაახლოებით, 2-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე გლობალური ეკონომიკის ზრდა, სავალუტო ფონდის 2024 წლის პროგნოზის მიხედვით). ამ კუთხით საქართველო პოზიტიური მაჩვენებლით გამოიყურებოდა.
საკმაოდ წინ წავიწიეთ ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქტითაც და შევამცირეთ ჩამორჩენა როგორც ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელთან, ისე აშშ-სთან.
ასევე, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, გვქონდა დაბალი ინფლაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილი ჰქონდა, ერთობლივი მოთხოვნის ზრდას, მოსახლეობის შემოსავლების მატებას. შეიძლება, ბევრი ვიკამათოთ, რამდენად სწორად და თანაბრად ნაწილდებოდა ეს ნამატი პროდუქტი მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილზე, მაგრამ მთლიანობაში ამ მაჩვენებლით დასტურდება, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდებოდა.
ასევე, წელს დამოუკიდებლობის განმავლობაში პირველად მიუახლოვდა დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობა მილიონიან მიჯნას (დაახლოებით, დაგვაკლდა 26 000). დასაქმების ზრდა როგორც პროცენტულად, ისე შეფარდებით იზრდებოდა და უმჯობესდებოდა, მოსახლეობის შემცირების პირობებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემცირდა, მაგრამ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა.
რაც შეეხება სირთულეებს, სეროზულ პრობლემად რჩება სიღარიბის დაძლევა, რაც ვერ მოხერხდა, თუმცა ტენდენცია მაინც პოზიტიურად ფასდება, ასევე , საერთო ჯამში უმუშევრობის საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია და ის, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ დემოგრაფიულ მდგომარეობაში გარდამტეხი ცვლილების შეტანა. უკვე მესამე წელიწადია საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი აჭარბებს შობადობას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან მიგრაციული სალდო უარყოფითია (გამსვლელთა რაოდენობა მეტია, ვიდრე უკან დაბრუნებულის), კიდევ უფრო ამძიმებს დემოგრაფიულ ვითარებას. შედეგად, ჩვენი მოსახლეობისთვის საკმაოდ მაღალია დაბერების დინამიკა, რაც ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის დიდი რისკების შემცველია,“ - ამბობს სოსო არჩვაძე.