ყაზახეთის აქტაუს ნავსადგურში ახალი საკონტეინერო სარკინიგზო ტერმინალი ამოქმედდა, რომელმაც შუა დერეფნის მარშრუტით ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე ლიანიუნგანგის პორტი დააკავშირა. პროექტის ფარგლებში ტერმინალში ჩინეთიდან ჩასული პირველი ბლოკ-მატარებელი მიიღეს, რაც ახალი ლოგისტიკური კომპლექსის ოფიციალური გახსნის სიმბოლოდ იქცა.

ყაზახური მედიის ინფორმაციით, ლიანიუნგანგიდან სარკინიგზო გზით ჩამოტანილი კონტეინერები აქტაუში გემებზე გადაიტვირთება და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში გადაიზიდება. სამომავლოდ კი გადაზიდვების სქემაში საქართველოს ჩართვაც განიხილება.

ახალი მულტიმოდალური მარშრუტი ჩინეთის, ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ევროპის სატრანსპორტო ქსელებს ერთმანეთთან აკავშირებს. აქტაუს ტერმინალი ინტეგრირებულია ლოგისტიკურ ჯაჭვში, რომელიც მოიცავს ლიანიუნგანგის პორტს, ხორგოსის „აღმოსავლეთის კარიბჭის“ მშრალ პორტს, აქტაუს ნავსადგურსა და თურქეთისა და ევროპის მიმართულებით არსებულ სატრანზიტო მარშრუტებს.

პროექტის პირველი ეტაპი 9.1 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ტერმინალი აღჭურვილია სამი სარკინიგზო დატვირთვის ხაზით, თანამედროვე გადამტვირთავი ინფრასტრუქტურით და 690 სარკინიგზო პლატფორმის ერთდროულად განთავსების შესაძლებლობით.

პირველ ეტაპზე ტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა 140 000 TEU-ს შეადგენს, ხოლო მეორე ეტაპზე მისი 200 000 TEU-მდე გაზრდაა დაგეგმილი.

აქტაუს საკონტეინერო ჰაბის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ „ყაზახსტან თემირ ჟოლი“, აქტაუს საერთაშორისო საზღვაო კომერციული პორტი და „ლიანიუნგანგის პორტის ჯგუფი“.

ყაზახური მხარის შეფასებით, ბოლო პერიოდში ჩინელი ტვირთმფლობელები საზღვაო ტრანსპორტთან შედარებით მზარდ ინტერესს იჩენენ სახმელეთო დერეფნების მიმართ, რაც მიწოდების ვადების უფრო მაღალი საიმედოობითა და პროგნოზირებადობით არის განპირობებული.

მათივე შეფასებით, თუ საქართველოს შუა დერეფნის ამ ლოგისტიკურ ქსელში სრულფასოვნად ჩაერთვება, ქვეყანას დამატებითი სატრანზიტო ტვირთების მიღებისა და ეკონომიკური სარგებლის ზრდის შესაძლებლობა ექნება.

ვრცლად