2025-მა წელმა გვიჩვენა, რომ ელექტროენერგიის პიკური მოხმარების პერიოდში, როდესაც იყო განსაკუთრებული სიცხე, ქსელი იყო გადატვირთული და ავარიების რაოდენობა ძალიან გაზრდილი, ამას ემატება ისიც, რომ წლიდან წლამდე, მომხმარებელთა რაოდენობაც იზრდება - ამ ვითარებით, მომხმარებელი მომავალში უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ვითარების გაუმჯობესება სემეკ-ის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის გაძვირებამ უნდა უზრუნველყოს.

„თითოეული ჩვენგანისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტია მომხმარებელი. ამასთან, ის, რომ მომხმარებელმა უნდა მიიღოს სტაბილური მომსახურება ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ბოლო პერიოდში, ეს იყო განსაკუთრებული გამოწვევა ჩვენი სამსახურისთვის, იმიტომ, რომ ენერგოსექტორში მომხმარებლების შემოსული განცხადებების ძალიან დიდი რაოდენობა, 80%, იყო ზუსტად წყვეტასთან [ელექტროენერგიის გათიშვა] დაკავშირებული და ელექტროენერგიის მიწოდებასთან პრობლემატური საკითხები. ეს იყო ხშირი წყვეტა, ავარიები, პიკურ საათებში დატვირთავს ვერ უძლებდა ქსელი. 2025-მა წელმა გვიჩვენა, რომ პიკური მოხმარების პერიოდში, როდესაც იყო განსაკუთრებული სიცხე, ქსელი იყო გადატვირთული და ავარიების რაოდენობა იყო ძალიან გაზრდილი. ამას ემატება ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. გარდა იმ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა, რომელიც ზოგადად, ქსელის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს და ის უნდა განავითაროს, არის ის, რომ ახალი მომხმარებლების რაოდენობის შემთხვევაში, ქსელი საჭიროებს თავიდან ბოლომდე გადაწყობას და კიდევ უფრო გაძლიერებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ამ ვითარებით, მომხმარებელი მომავალში უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, კომისიის ამ გადაწყვეტილებამ მომდევნო პერიოდში უნდა უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა და ეტაპობრივად, ავარიების შემცირება, ქსელის გაუმჯობესება და ხარისხიანი მიწოდება“,- განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

ცნობისთვის, სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში, ისევე, როგორც რეგიონებში, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან, 1-ელი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.

წყარო: ინტერპრესნიუსი