აგროქიმიკატებსა და პესტიციდებზე ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში 100%-ს აჭარბებს. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს შუალედურ ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, 2022-2025 წლებში გამოვლენილია 75 შემთხვევა, როცა აგროქიმიკატების ფასნამატი იმპორტის დონიდან საცალო დონემდე ას პროცენტზე მეტია. მსგავსი დინამიკა პესტიციდების შემთხვევაში უფრო ხშირია და მთლიანობაში ასეთი 86 შემთხვევაა იდენტიფიცირებული. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს 2022-2025 წლებში ქვეყანაში ყველაზე დიდი მოცულობით აგროქიმიკატები რუსეთიდანაა შემოსული. იმპორტი თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდანაც ხორციელდება.
„მიმდინარე მონიტორინგის შუალედური ანგარიშით, გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი გარემოება:
- როგორც პესტიციდების, ასევე აგროქიმიკატებისა და მცენარეთა ზრდის რეგულატორების მიმართულებით, ძირითად შემთხვევებში, იდენტიფიცირებული შესაბამისი ბაზრები მაღალკონცენტრირებულია - კონკრეტული კომპანიები ფლობენ დომინანტურ მდგომარეობას;
- აგროქიმიკატებისა და პესტიციდების, ისევე როგორც მცენარეთა ზრდის რეგულატორების გარკვეულ ნაწილზე მიიღება მაღალი ფასნამატი. აღნიშნულ ტერმინში მოიაზრება ფასნამატი, რომელიც ბაზრის იმპორტის დონიდან საცალო დონემდე აღემატება 100%-ს (საოპერაციო ხარჯების, გადასახადებისა და მოგების გაუთვალისწინებლად);
- ფასნამატი შედარებით დაბალია აგროქიმიკატების იმ კატეგორიაზე, რომლებიც გამოირჩევიან სამომხმარებლო ჰომოგენური მახასიათებლებით, ასევე, რომელთა მიმართაც მაღალია მომხმარებლის ცნობიერება და შესაბამისად კონკურენტული წნეხი;
- ქვეყანაში ამჟამად აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შეძენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა / მიღება არ არის რეგულირებული. თავის მხრივ, ამგვარი საქმიანობა ევროკომისიის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკის შემცველ საქმიანობად არის მიჩნეული. ეს უკანასკნელი, შესაძლოა სულ მცირე 2 უარყოფითი ფაქტორის მომტანი იყოს ბაზარზე: 1. ხელოვნული მოთხოვნით განპირობებული მაღალი ფასები; 2. ჭარბი მოხმარება“, - წერია ანგარიშში.
შუალედური ანგარიშის თანახმად, ფასნამატი შედარებით დაბალია აგროქიმიკატების იმ კატეგორიაზე რომელთა მიმართაც მომხმარებლების ცნობიერება მაღალია, შესაბამისად არსებობს კონკურენტული წნეხი.
აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზრის მონიტორინგი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ 2025 წლის 9 ივნისს დაიწყო. მოკვლევის დაწყების საფუძველი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვა გახდა.