რას გვიჩვენებს 2025 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები და რამდენად რეალურია გაცხადებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, - ამ საკითხზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალებში“ ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა ისაუბრა.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ 2025 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის კარგი წელი არ ყოფილა და რომ რეალური სურათი სხვადასხვა არასწორი რაკურსის გამო მახინჯდება. მათ შორის, გულისხმობს გარე ფაქტორებსა და გაზრდილ სახელმწიფო დანახარჯებს.
„ჯერჯერობით გვაქვს პირველი 3 კვარტალის სექტორული ზრდის ჩაშლილი მაჩვენებლები. იკვეთება დინამიკა, რომ არის სექტორები, რომლებიც იზრდება სწრაფად ან - ძალიან სწრაფად. ასეთი სექტორებია, მაგალითად, ინფორმაცია და კომუნიკაცია, განათლება, საჯარო მმართველობა და არის სექტორები, რომლებიც ფაქტობრივად, არ იზრდება. ეს არის, მაგალითად, მშენებლობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა. რაც ნიშანდობლივია, ყველაზე დიდი სექტორები ეკონომიკაში, ესენია ვაჭრობა, მშენებლობა, მრეწველობა, არ გამოირჩევა მაღალი ზრდით. მეოთხე კვარტალის მაჩვენებლები ჯერ არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ სავარაუდოდ, მივიღებთ სიტუაციას, როცა ჯამში 7%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში ვაჭრობა, მშენებლობა, მრეწველობა, შეიძლება გაიზარდოს 2-3%-ით, რაც საქართველოს ტიპის ეკონომიკისთვის ფაქტობრივად, ერთ დონეზე დარჩენას ნიშნავს. ამ სექტორებზე ყურადღებას ვამახვილებ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეკონომიკის ყველაზე დიდი სექტორებია, არამედ იმიტომაც, რომ აქ არის ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებული, გარდა საჯარო სამსახურისა. მეორე ნაწილი, რომელიც სწრაფად ან ძალიან სწრაფად იზრდება, იქაც გვაქვს საინტერესო ფაქტორები, რაც შეიძლება ამ ზრდის უკან იყოს. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. აქ ვიტყოდი, რომ ზრდა რაღაც მხრივ ვირტუალურია იქიდან გამომდინარე, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა აქ ე.წ. საერთაშორისო აიტი კომპანიებია, რომლებსაც საშეღავათო საგადასახადო რეჟიმი აქვთ მინიჭებული. ეს არის აიტი კომპანიები, რომლებიც სერვისს უცხოეთში ყიდიან. რატომ არის ამ სექტორების ზრდა ვირტუალური და იმიტომ, რომ იხდიან ძალიან დაბალ გადასახადებს. მაგალითად, 5%-იანი საშემოსავლო, 5%-იანი მოგების გადასახადი, 0%-იანი სადივიდენდო, ანუ ფისკალური ეფექტი არის დაბალი, მაგრამ ასევე დაბალია ეფექტი, ზოგადად, ეკონომიკაზე. წარმოიდგინეთ, ამ სფეროში ჯამში 9-10 ათასი ადამიანი მუშაობს, დიდწილად - უცხოელები. ანუ ამ სექტორის მაღალი ეკონომიკური ზრდა კი არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საბოლოო 7%-იანი ზრდის, მაგრამ ეფექტი ეკონომიკაზე დაბალი აქვს. განათლება და საჯარო მმართველობა რომ ავიღოთ, სადაც მაღალია ზრდის მაჩვენებელი, აქ ახსნა ასეთია: ბოლო წლებში, განსაკუთრებით, 2023-2024-ში, სახელმწიფოს ჰქონდა მაღალი საბიუჯეტო შემოსავლები, ამიტომ გაზრდილია ე.წ. ასიგნებები, ანუ ხარჯები განათლებასა და საჯარო მმართველობაზე 2025 წელს და ეს არის მაღალი ზრდის ფაქტორი. შესაბამისად, რომ შევაჯამო, ჩემი დაკვირვებაა, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2025 წელს იზრდება ნელა, ძალიან ნელა, ხოლო სექტორები, რომლებიც დაკავშირებულია მაღალ სახელმწიფო ხარჯებთან და ისეთ სფეროსთან, სადაც რეალურ ეკონომიკა ვერ ხეირობს, გამოირჩევა მაღალი ეკონომიკური ზრდით“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
მისივე თქმით, 2025 წლის მე-3 კვარტალის სტატისტიკით, შემცირებულია დასაქმების მაჩვენებლებიც, რაც ეკონომიკის 7%-იანი ზრდის პირობებში ნონსენსია.
„როგორ შეიძლება, ეკონომიკა 7%-ით იზრდებოდეს და ნაკლები დასაქმებული იყოს ქვეყანაში? მიზეზი ის არის, რომ სექტორები, სადაც დასაქმებულთა დიდი რაოდენობა მუშაობს, ფაქტობრივად, არ იზრდება. ავიღოთ ხელფასების სტატისტიკაც. ვამბობ რეალურ მაჩვენებელს, ინფლაციის გათვალისწინებით: 2023 წელს ხელფასები დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, 2024 წელს - 10%-ით, წელს ხელფასები რეალურად 5%-ით იზრდება. ესეც იმის მანიშნებელია ჩემთვის, რომ რეალურმა ეკონომიკამ დინამიზმი დაკარგა. შესაბამისად, მისი ძირითადი სექტორები იზრდება ძალიან ნელა, ან საერთოდ მცირდება. გვაქვს კვარტალური მაჩვენებლები, რომ მცირდება სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ასე შემდეგ და რეალურ მაჩვენებელზე ზემოქმედებას ახდენენ სექტორები, რომლებიც დაკავშირებულია ან სახელმწიფო ხარჯებთან, ან - სერვისების უცხოეთის გაყიდვასთან, რაც რეალურ ეკონომიკაზე დაბალ გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩვენი ეკონომიკა არის ცალმხრივი და ჩვენი ეკონომიკის მთლიანი რეალური ზრდა სურათს გვიმახინჯებს. წელს არ აქვს საქართველოს ეკონომიკას კარგი წელი, ეს არის უფრო ცუდი წელი, ვიდრე კარგი, მაგრამ ამ გარე ფაქტორებისა და გაზრდილი სახელმწიფო დანახარჯების გამო, იხატება სურათი, რომ თითქოს ეკონომიკა დუღს, მაგრამ ჩემი აზრით, ეკონომიკა ნამდვილად არ დუღს“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.