სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, რამდენიმეწლიან ჭრილში მოთხოვნადი პროფესიების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია - ამის შესახებ JobGear-ის დამფუძნებელი, რევაზ ხარაბაძე BM.GE-თან აცხადებს.

იგი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემამ აქცენტი არა კვლევებზე დაყრდნობით უნივერსიტეტებში კვოტების დაწესებაზე, არამედ მეთოდურ კომპეტენციებზე უნდა გადაიტანოს, რაც სტუდენტებს ცვალებად შრომით ბაზარზე სწრაფ ადაპტაციაში დაეხმარება.

“როცა კვლევა კეთდება და წარმოებებს ან სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს ეკითხებიან, თუ 4-5 წელიწადში რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს პერსონალთან დაკავშირებით, ვფიქრობ ეს სწორად დასმული კითხვა არ არის,რადგან 4-5 წელიწადში იმხელა ტექნოლოგიური ცვლილებები მოხდება შრომის ბაზარზე, რომ თითქმის შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო რა ტიპის კომპეტენციები შეიძლება დაგჭირდეს ოთხი-ხუთი წლის შემდეგ.

ამიტომ მე ვფიქრობ, რაც ყველაზე სწორი და უპრიანია კვლევის ნაცვლად, რასაც თანამედროვე განათლების სისტემა უკვე პარალელურად და თანმიმდევრულად აკეთებს, არის მეთოდური კომპეტენციების განვითარება და ხელშეწყობა. მეთოდურ კომპეტენციებში ვგულისხმობ ყველა იმ დამხმარე კომპეტენციას, რომელიც დაეხმარება ადამიანს, რომ სწრაფად მოახდინოს ცვლილება და რეაგირება შრომის ბაზრის ცვლილებებზე. მაგალითად შეიძლება სადღაც ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში საერთოდ ბუღალტრის პოზიცია არ იყოს (სიტყვაზე ვამბობ) საჭირო და ეს ყველაფერი ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთოს, და ბუღალტერს უნდა შეეძლოს, რომ ძალიან სწრაფად ადაპტირდეს სხვა გარემოში და სხვა პოზიციაზე, სხვა მოთხოვნად პოზიციაზე დასაქმდეს,”- ამბობს JobGear-ის დამფუძნებელი რევაზ ხარაბაძე.

bm.ge