ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 2016-2024 წლებში სახელმწიფომ 4,3 მლნ ლარი დახარჯა.ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშში.
უწყების ცნობით ეს თანხა 2057 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაციას მოხმარდა. რვა წელში რეაბილიტირებულ პლანტაციებში მოყვანილმა გადამუშავებული ჩაის მოცულობა წლიურად 2000 ტონამდეა.
ანგარიშის თანახმად, 1 ლარი სახელმწიფო გრანტის ინვესტირებით ყოველწლიურად წარმოებული იქნება 0.45 კგ. ჩაის პროდუქტი და ფერმერები/საწარმოები ყოველწლიურად მიიღებენ 13.41 ლარ შემოსავალს.
პროგრამაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება შეადგენს 90%-ს არაუმეტეს 3,000 ლარს ერთ ჰექტარზე, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება შეადგენს 70%-ს არაუმეტეს 2,500 ლარისა ერთ ჰექტარზე.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარმა უნდა უზრუნველყოს ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და 36-თვიანი აგროტექნოლოგიური გეგმის სრულყოფილად შესრულება. ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის ან/და პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰა-ს.
აგროტექნოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში (ანუ მე-4 და მე-5 წელს), პროგრამის ბენეფიციარმა ყოველწლიურად უნდა მიიღოს ნედლი ფოთოლი:
- არანაკლებ 2,000 კგ ერთ ჰექტარზე;
- ბიო ჩაის შემთხვევაში - არანაკლებ 1,000 კგ ერთ ჰექტარზე.
"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უკვე შეიქმნა ჩაის გადამმუშავებელი არაერთი საწარმო, ხოლო ჩაის ნედლეული მცირეა, პროგრამის ბენეფიციარებს აღარ ექნებათ საწარმოს შექმნის ვალდებულება“, - წერია სამინისტროს ანგარიშში.
ცნობისთვის, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი" დაიწყო 2016 წლიდან. მიზანი, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაა, ასევე მათი პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობაც.