2027 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ღვინოების დეგუსტაციის წესი ფართოვდება. კერძოდ, სავალდებულო დეგუსტაციას ადგილობრივ ბაზარზე არა მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები, არამედ სხვა კატეგორიის ღვინოებიც დაექვემდებარება.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული ღვინის ხარისხის თამასა აიწიოს.

"2027 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილებები, რომლის მიხედვით დეგუსტაციას დაექვემდებარება ყველა ის ღვინო, რომელიც რეალურად იქნება კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი, თუმცა აქაც არის გამონაკლისი. ზოგადად, საქართველოში საექსპორტო ღვინოების დეგუსტაცია 2017 წლიდან ხდება, ხოლო სადეგუსტაციო კომისია 2008 წელს შეიქმნა. ადგილობრივ ბაზარზე აქამდე მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ისინჯებოდა. ცვლილებების მიხედვით კი, დეგუსტაციას ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ღვინის სხვა კატეგორიებიც დაექვემდებარება. რაც შეეხება ექსპორტს, ამ მიმართულებით ყველა ღვინო ისედაც გადიოდა დეგუსტაციას.

ჩვენი დეგუსტაცია ეს არ არის რაღაც კონკურსი. ჩვენ გვაქვს გარკვეული ქულათა სისტემა, რომელსაც შიდა სტატისტიკური მიზნებისთვის ვიყენებთ, ეს არ არის რაღაც მედლების მინიჭება და ა.შ. ეს არის სუფთა ტექნიკური დეგუსტაცია. ჩამოწერილია კანონქვემდებარე აქტში ის ზადები (არასასურველი არომატები და გემოები, რომლებიც ღვინოს არასწორი დაყენების, შენახვის ან ჰაერთან კონტაქტის შედეგად უჩნდება), რაც ღვინოს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს. მათ შორის, დაჟანგვა, გოგირდი და ა.შ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული ღვინის საშუალო ხარისხის თამასა აიწიოს და ყველა ღვინო, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარდგება, თუ საზღვრებს გარეთ იყოს თავისუფალი ამ ზადებისგან. 

თუმცა ამ კანონშიც არის გამონაკლისი - არსებობს ღვინოების ისეთი კატეგორია, რომელიც მზადდება ნაკლები ჩარევით. ეს არის ბუნებრივი გზით დამზადებული ღვინოები, როდესაც მწარმოებელი შეგნებულად ამბობს უარს დამხმარე მასალებზე და ა.შ. ეს არის ძალიან თვითმყოფადი და ნიშური ღვინო, რომელიც ალბათ, ყველაზე მეტად ჰგავს იმ ღვინოს, რომელსაც ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ. შესაბამისად, თავისი ბუნებიდან და მეთოდიდან გამომდინარე ამ ღვინოს ამ დეგუსტაციის წესისგან უნდა ჰქონდეს გამონაკლისი", - აცხადებს ლევან მეხუზლა.

წყარო: ბიზნესპარტნიორი