2025 წელს საქართველოს ნავსადგურების დატვირთვა გაიზარდა. გასულ წელს ჯამში საქართველოს პორტებმა 16 მილიონ 637 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 6.8%-ით მეტია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საზღვაო ნავსადგურების და ტერმინალების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით, გადამუშავებული ტვირთის 47.7% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 31% — თხევადი ტვირთი, ხოლო 21.3% — ნაყარი ტვირთი.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს პორტებში 1 789 გემი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2024 წელს 1 683 გემი იყო შემოსული.
2025 წელს შემოსული გემებიდან 50.9% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 23.6% — თხევადი ტვირთმზიდი, 15.5% — კონტეინერმზიდი იყო, ხოლო დანარჩენი 10% ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2025 წელს, წინა წელთან შედარებით 40.4%-ით მეტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი მიიღო, 38.8%-ით მეტი — სპეციალიზებული, 2.5%-ით მეტი — ნაყარი ტვირთმზიდი, 26.7%-ით ნაკლები — კონტეინერმზიდი და 16.6%-ით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.
ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.6% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3% — თურქეთის, 9.9% — მალტის, 8.3% — ლიბერიის, დანარჩენი 48.9% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2025 წელს საქართველოს ნავსადგურები 12.8 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 62%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 52%-ს შეადგენდა.