„ზამთრის სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა, იმიტომ რომ თოვლი ძალიან გვიან მოვიდა, ბაკურიანში სეზონი უკვე დასრულებულია, გუდაურში კი ბოლო დღეებს ითვლის“ - ამის შესახებ, „კომერსანტს“ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ უთხრა. მისი თქმით, სეზონის ასე გვიან დაწყება და ასე ადრე დასრულება ანომალიურია.

 

 

„რთულია შეჯამება, იმიტომ რომ ამინდის გამო ზამთრის სეზონი საკმაოდ  დიდი  საფრთხის წინაშე დადგა და ფაქტობრივად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩავარდა. გუდაურსა და ბაკურიანში სეზონი თებერვლის დასაწყისში გაიხსნა და ბაკურიანში  თოვლი უკვე აღარ არის,  ანუ მთლიანი სეზონი დაახლოებით თვენახევარი გაგრძელდა.

 

გარდა ამისა თვითონ კურორტებიც ინფრასტრუქტურულად სრულიად გაუმართავი და მოუმზადებელი იყო, ფაქტობრივად ზამთრამდე წინასწარ არანაირი მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ბაზრებზე, რომელიც დუბაის და სპარსეთის ყურის ქვეყნებს გულისხმობს, არ ჩატარებულა“ - აღნიშნა ცოტნე  ჯაფარიძემ.

 

მისი თქმით, ძალიან ბევრი ევროპელი და ამერიკელი  ცხოვრობს აღნიშნულ ქვეყნებში და გამომდინარე იქიდან, რომ ფრენას ნაკლები დრო სჭირდება და ხარჯიც ნაკლებია, ევროპასთან შედარებით საქართველო  მათთვის სასრიალოდ ძალიან კარგი ალტერნატივაა, თუმცა როგორც ჯაფარიძე განმარტავს არც შარშან და არც წელს ამ მიმართულებით არანაირი მარკეტინგული კამპანია არ ყოფილა.

 

თაკო კვაჭანტირაძე