1 მარტიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა. ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება და თვითდასაქმება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.აღნიშნულ ნებართვებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.
დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი ვახტანგ შურღაია აღნიშნავს, რომ ახალი რეგულაცია ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, ეს არ არის ერთჯერადი გადასახადი, რადგან ნებართვა ყოველწლიურად განახლებას საჭიროებს.
მისივე ინფორმაციით, უცხოელი მუშახელი ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მსხვილ საწარმოებსა და ტექსტილის ინდუსტრიაშია დასაქმებული, სადაც ხშირად სეზონური და პიკური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კადრების უცხოეთიდან ჩამოყვანა გარდაუვალია.
“ეს კომპანიებისთვის ერთჯერადი ხარჯი არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ეს კომპანიები იყენებენ მუშახელს საზღვარგარეთიდან, ხშირ შემთხვევაში 100-კაციანი, 300-კაციანი ჯგუფებია (განსაკუთრებით მშენებლობის შემთხვევაში). ერთ ჩვენს წევრ კომპანიას 1500 დასაქმებული ჰყავს, შესაბამისად თანხა საკმაოდ დიდია ჯამში. თან გავითვალისწინოთ, რომ ნებართვა მაქსიმუმ ერთი წლით გაიცემა და ყოველი განახლება ზედმეტი ხარჯია. ამასთან ერთად, დამატებითი ხარჯია საკონსულოში მისვლა. საქართველო არ არის დახუნძლული საკონსულოებით მთელ მსოფლიოში, ხშირად ქვეყანაში მხოლოდ ერთი საკონსულოა და იქ მისვლაც კი დამატებითი ლოგისტიკური ხარჯია იმ პირისთვის.
ყველაზე მეტი უცხოელი დასაქმებული არის ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებში, ასევე მსხვილ საწარმოებში, ტექსტილის საწარმოებში, ასევე სხვადასხვა დიდი წარმოებებში, რომლებიც იყენებენ ამ მუშახელს. ხშირია ასევე სეზონურად მათი დასაქმება, როდესაც პიკური მოთხოვნა არის სხვადასხვა პროდუქტზე, მაშინ ხდება მუშახელის ჩამოყვანა ქვეყანაში,”-აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი ვახტანგ შურღაია.
საკითხზე კომენტარი გასულ კვირას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, დაწესებული საფასური (200 ლარი სტანდარტული, ხოლო 400 ლარი დაჩქარებული მომსახურებისთვის) ბიზნესის მასშტაბებთან შედარებით სიმბოლურია და მას სექტორის განვითარებაზე უარყოფითი გავლენა ვერ ექნება.