კლიმატის ცვლილება ევროპის ოკეანეებს რისკის ქვეშ აყენებს და საუბარი არ არის მხოლოდ საზღვაო სიცოცხლეზე. ახალი კვლევა აფრთხილებს, რომ ძვირფასი წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობა ოკეანის მჟავიანობის გამო საფრთხის ქვეშაა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მასალები, რომლისგანაც მრავალი არქეოლოგიური საგანძური შედგება, იწყებენ დაშლას, როდესაც წყლის pH დონე მცირდება.
„ოკეანის მჟავიანობა სერიოზულად გაართულებს წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას“
იტალიის ქალაქ პადოვას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა, თუ როგორ შეიძლება აჩქარებდეს ოკეანის მჟავიანობა, კლიმატის ცვლილების პირდაპირი შედეგი, წყალქვეშა არქეოლოგიური ძეგლების განადგურებას.
როგორც ნაშრომის წამყვანი ავტორი, ლუიჯი ჯერმინარიო განმარტავს, მკვლევრებმა შეაფასეს ისტორიული მასალების განადგურების სიჩქარე - საზღვაო გარემოში დაშლისა და ბიოდეგრადაციის გზით - და შემდეგ მიღებული მონაცემები შეადარეს მასშტაბური კლიმატის მოდელებს.
შედეგები საგანგაშო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქანების დეგრადაცია ინდუსტრიამდელ ეპოქაში მინიმალური იყო და დღესაც შედარებით დაბალია, ემისიების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცესების ექსპონენციალური აჩქარება.
ეს ცვლილებები „შეუქცევადი იქნება მომდევნო ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში, რაც განპირობებული იქნება თავად მასალების თვისებებით და ბიოკოლონიზაციის ცვალებადი დინამიკით“ - ჩაძირული სტრუქტურების ზედაპირზე მიკროორგანიზმების ზრდით, განუცხადა ჯერმინარიომ იტალიურ ეროვნულ გაზეთ „La Repubblica“-ს.