საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2 მარტს განაცხადა, რომ საფრანგეთი ბირთვულ არსენალს გაზრდის და შეკავების პოლიტიკას გააძლიერებს.

"ჩვენი [ბირთვული] არსენალის გაზრდა აუცილებელია," თქვა მაკრონმა ილ ლონგის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც საფრანგეთის ოთხი ბირთვული წყალქვეშა ნავია განლაგებული.

მაკრონმა ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის, ჩინეთის მზარდი სამხედრო ძალითა და აშშ-ს თავდაცვაში ცვალებადი პრიორიტეტებით ახსნა.

"ჩვენ ახლა გეოპოლიტიკური არეულობის პერიოდს გავდივართ, რომელიც სავსეა რისკებით." - აღნიშნა მან და დაამატა, რომ სწორედ ამის გამო ბრძანა "არსენალში ბირთვული ქობინების რაოდენობის გაზრდა."

მაკრონის თქმით, "ვისაც უნდა, რომ თავისუფალი იყოს, მისი უნდა ეშინოდეთ. ვისაც უნდა, რომ მისი ეშინოდეთ, ის ძლიერი უნდა იყოს."

"ეს არ არის შეიარაღების რბოლა... მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა, ან მოწინააღმდეგეების ერთობლიობამ, არც კი გაიფიქროს საფრანგეთზე დარტყმის შესაძლებლობა ისე, რომ გარანტირებული არ იყოს ისეთი ზიანი, რომლისგანაც ძალების აღდგენას ვეღარ შეძლებენ." - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.