„ეკონომიკური და სხვა ფაქტორები გავლენას ახდენს ბიზნესის საქმიანობასა და დამსაქმებელთა გადახდისუნარიანობაზე“ - როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ იურისტი დავით კესარელი აღნიშნავს, არსებული ვითარების გათვალისწინებით ბიზნესების ნაწილი კადრების შემცირების ეტაპზეა გადასული.
მისი თქმით, ამ ფონზე დამსაქმებლები იურისტებს ძირითადად რეორგანიზაციის პროცესში ადვოკატირებისთვის მიმართავენ. კესარელი საუბრობს რამდენიმე მიზეზზე, რამაც ბიზნესები კადრების შემცირების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. ამ ნაწილში საუბრისას ის მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მოვლენებზე, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის დაფინანსებისა და ზოგიერთი პროგრამის შეჩერებაზე.
„ყველა კადრების შემცირების გზებს ეძებს, ამის მიზეზი არ არის მხოლოდ ეკონომიკური, არის მაგალითად, არასამთავრობო სექტორი, სადაც ცნობილი მოვლენების - როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ასევე საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით შეჩერებული პროექტების გამო, კადრების შემცირების საჭიროება და წინაპირობა დადგა. ახლა დღის წესრიგში დგას სამართლებრივად სწორად რეორგანიზაციის პროცესის განხორციელება და ამ პროცესში დამსაქმებლებთან სწორი კომუნიკაცია და სასამართლო პროცესების თავიდან არიდება. ეს არის ძირითადი პროცესები, რაზეც ბოლო პერიოდია გვიწევს ადვოკატირება.
არამხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, არამედ საერთაშორისო დონეზე არსებულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ბევრი ორგანიზაცია, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლობა, თუ საქართველოში არსებული ორგანიზაციები, საკადრო მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებენ. ეს განპირობებულია როგორც დაფინანსების შეწყვეტით, ასევე სხვა გადაწყვეტილებებითაც. ფაქტი ერთია, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია რეორგანიზაცია და ამ ფორმით კადრების შემცირება“, - განაცხადა დავით კესარელმა.
ცნობისთვის, 2024 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობა შემცირდა. ასე მაგალითად, თუ 2024 წელს უმუშევრობის წილი 13.9% იყო, წინა წელს კი 16.4%. მიუხედავად წლიური შემცირებისა, 2024 წლის კვარტალური მონაცემების მიხედვით, წლის ბოლოს უმუშევრობა გაიზარდა და წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პროცენტი დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობამ საქართველოში 14.2% შეადგინა, პირველი კვარტალი - 14%, მეორე კვარტალი - 13.7%, ხოლო მესამე კვარტალი - 13.8%. ამასთანავე, მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმუშევარი ადამიანების რიცხვი 8.2 ათასით გაიზარდა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი