ყვავილების იმპორტი ბოლო 5 წელიწადში 1.43-ჯერ გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 5 126 460 დოლარის ღირებულების 1 718.63 ტონა ყვავილების იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 107.95%-ით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ირკვევა, რომ მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა წლების განმავლობაში თურქეთი იყო, თუმცა 2023 წელს სომხეთმა ჩაანაცვლა.
2023 წელს იმპორტირებული ყვავილების 39.57% სომხეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, რომელზედაც იმპორტის 28.34% მოდის, ხოლო მესამე პოზიციას ეკვადორი იკავებს (18.96%)
TOP 4 იმპორტიორი ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:
2019
თურქეთი- 382.58ტ ($ 389.48 ათასი);
კენია-164.56ტ ($639.58 ათასი);
სომხეთი- 115.57ტ ($453.11 ათასი);
ეკვადორი- 85.43ტ ($518.59 ათასი);
2020
თურქეთი- 245.24ტ ($ 221.55 ათასი);
სომხეთი-96.56ტ ($413.25 ათასი);
ეკვადორი- 78.15ტ ($441.64 ათასი);
კენია- 62.51ტ ($234.23 ათასი);
2021
თურქეთი- 448.13ტ ($ 437.13 ათასი);
სომხეთი-210.31ტ ($707.58 ათასი);
კენია- 110.55ტ ($341.68 ათასი);
ეკვადორი- 80.47ტ ($512.14 ათასი);
2022
თურქეთი- 443.98ტ ($ 379.04 ათასი);
სომხეთი-432.22ტ ($1,247.36 ათასი);
ეკვადორი- 198.30ტ ($584.62 ათასი);
კენია- 73.62ტ ($232.02 ათასი);
2023
სომხეთი- 680.06ტ ($ 1,362.53 ათასი);
თურქეთი-487.06ტ ($400.58 ათასი);
ეკვადორი- 325.92ტ ($1,602.63 ათასი);
ნიდერლანდები- 97.70ტ ($1256.09 ათასი);
რა რეალობაა ქართულ ბაზარზე, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად ყვავილების მსხვილ რეალიზატორებს დაუკავშირდა.
როგორც ყვავილების მაღაზია Lovely Roses -ის ფლორისტმა - მანანა ბულალაურმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, ვარდების იმპორტი ძირითადად ეკვადორიდან და სომხეთიდან ხდება, ხოლო ეგზოტიკური ყვავილების მთავარი მომწოდებელი ჰოლანდია და თურქეთია.
აღნიშნული ქვეყნებიდან შემოტანილი ყვავილები ხარისხის და ღირებულების მიხედვით განსხვავდებიან, რაზეც ფლორისტმა დეტალურად ისაუბრა.
„ყვავილებს რამდენიმე სახეობად ყოფენ - ვარდები, ეგზოტიკური ყვავილები და მინდვრის ყვავილები. ვარდების იმპორტი ძირითადად ეკვადორიდან და სომხეთიდან ხდება, ხოლო ეგზოტიკური ყვავილების მთავარი მომწოდებელი ჰოლანდია და თურქეთია.
შედარებით იაფი ჯდება თურქეთიდან შემოტანილი ეგზოტიკა და სომხეთიდან შემოტანილი ვარდი. ყვავილის თვითღირებულება თითქმის იგივეა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ტრანსპორტირების გამოა. ეკვადორიდან და ჰოლანდიიდან ჩამოტანა, ტრანსპორტირების სირთულიდან გამომდინარე, უფრო ძვირი ჯდება. ასევე, ძალიან დიდი სხვაობაა ხარისხში.
ხარისხის თვალსაზრისით, ჩვენ არ გვიღირს თურქეთიდან და სომხეთიდან შემოტანილი ყვავილები. თურქეთიდან რატომ უნდა ავიღოთ ის ყვავილი თითქმის იგივე ფასში (შეიძლება 1ლ იყოს სხვაობა), როცა ჰოლანდიიდან სწორ ღეროიანი ყვავილი ჩამომივა და არა დაგრეხილი, რომლის გამძლეობაც უკეთესია. ჰოლანდიიდან მოდის თვითმფრინავით, თურქეთიდან შემოდის სახმელეთო გზით. შენახვის პირობები თვითმფრინავით ჩამოტანილ ყვავილს უფრო კარგი აქვს. თურქეთიდან შემოტანის შემთხვევაში, ტემპერატურული რეგულაცია დარღვეულია, ვინაიდან შემოაქვთ ჩვეულებრივი ტრაილერებით, რომელიც ტემპერატურულ რეჟიმს ვერ იცავს, შესაბამისად უფრო მალეც ფუჭდება, გამძლეობა ნაკლები აქვს. რაც შეეხება სომხურ ვარდს, მისი ნაკლებად გამძლეობიდან გამომდინარე (დაახ. 3-4 დღე ძლებს), მომხმარებლებს ნაკლებად იზიდავს. შესაბამისად, ეკვადორის ვარდზე ვმუშაობთ“.
14 თებერვლის (ვალენტინობის დღე) მოახლოებასთან ერთად, ქართულ ბაზარზე ყვავილები ძვირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფლორისტმა შემდეგი სახის განმარტება გააკეთა:
„სომხეთიდან (ერევნის ვარდად წოდებული) სომხური ვარდის ძირითადი, კარგი ხარისხის ყვავილი, გადის რუსეთში. ვალენტინობაზე, ვინაიდან მოთხოვნა იზრდება, უფრო მეტი რაოდენობის ექსპორტი ხდება რუსეთში. დანარჩენი, რაც რჩება, მაგის ფასს ზრდიან, რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, და სწორედ ის მოდის საქართველოში. მაგიტომ არის ვალენტინობაზე აქაც რომ იზრდება ფასი.
ეკვადორი კი არ აძვირებს ვარდს. შეიძლება მაქსიმუმ 20 ცენტით გაძვირდეს, რომელიც შესაძლოა ლარამდე აისახოს, მეტით არა. ჩვენ კი, ამას არ ავსახავთ და ჩვეულებრივ, რა ფასშიც ვყიდდით, იგივე ფასი ნარჩუნდება“.
8 იანვარს ეკვადორის ხელისუფლებამ ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ციხიდან გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების, „ლოს ჩონეროსის“ ლიდერის, ფიტოს გაუჩინარების შემდეგ გამოაცხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში ძალადობრივი მოვლენები განვითარდა. მომდევნო დღეებში აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის მასშტაბით ეკვადორის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი კვირა მოჰყვა.
მიმდინარე ფართომასშტაბიანი არეულობიდან გამომდინარე „კომერსანტი“ დაინტერესდა, ხომ არ შეფერხებულა ყვავილების მოწოდება ეკვადორიდან და აქვთ თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ადგილობრივ ბიზნეს ოპერატორებს.
„ეკვადორიდან ყვავილების იმპორტის პრობლემა არ ყოფილა. კოვიდის მძვინვარების პერიოდშიც კი შეუფერხებლად გვაწვდიდნენ ყვავილებს. ფასის ცვლილებაც კი არ მომხდარა. ეკვადორი სტაბილურია ბაზარზე. სწორედაც რომ ეს მოგვწონს მასში“.
ჩვენ ასევე დავინტერესდით რა ვითარებაა ქართული სასათბურე მეურნეობების მხრივ და რამდენად ახერხებენ ქართველი ფერმერები ბაზრის დაკმაყოფილებას. მანანა ბულალაურის თქმით, ქართული სასათბურე მეურნეობები ბაზარს საერთოდ ვერ აკმაყოფილებს.
„ქართული სასათბურე მეურნეობები, ქართულ ბაზარს ვერაფრით ვერ აკმაყოფილებს. ბევრმა ფერმერმა გააუქმა სასათბურე მეურნეობა იმის გამო, რომ თვითღირებულება ძვირი გამოდიოდა. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული სახეობის ყვავილის სასათბურე მეურნეობა. მაგალითად ტიტის. ეს ჩემთვის ძალიან კომფორტულია. ტიტების სეზონი სანამ დაიწყება სტაბილურად, იქამდე აქვს ამ ადამიანს ეს სათბური და არაჩვეულებრივად ვთანამშრომლობთ.... მე მირჩევნია, არსებობის შემთხვევაში, ქართველ ფერმერთან ვითანამშრომლო და მისი ყვავილების რეალიზება მოვახდინო, ვიდრე ჰოლანდიიდან ჩამოვიტანო. ამ კონკრეტულის შემთხვევაში, ხარისხიც ძალიან კარგია, ვინაიდან იგივე ბოლქვები აქვს დარგული, რაც ჰოლანდიიდან მოდის.“