ჰოლანდიურმა Yandex N.V-მა რუსული ბიზნესის კერძო ინვესტორებისა და კომპანიის მენეჯერების კონსორციუმისთვის მიყიდვის გარიგება დადო. ბიზნესი 475 მილიარდ რუბლად გაიყიდა. ამის შესახებ Yandex-ის პრესსამსახური იტყობინება.

მშობელი კომპანია Yandex N.V-ის ნაცვლად გახდება სააქციო საზოგადოების საერთაშორისო კომპანია (МКАО) Yandex, რომელიც რეგისტრირებულია კალინინგრადის რეგიონში. 2024 წლის 31 ივლისამდე ჰოლანდიურმა კომპანიამ უნდა შეცვალოს სახელი და შეწყვიტოს რუსული ბიზნესის ბრენდების გამოყენება.

МКАО -ს მთავარი მფლობელი იქნება დახურული საპაიო საინვესტიციო ფონდი „Консорциум.Первый“ Yandex-ის მენეჯერების ხელმძღვანელობით (კომპანია არ ასაჯაროებს თუ რომელი მენეჯერები იქნებიან აქციონერთა შორის), სხვა მეპაიეები ალექსანდრე ჩაჩავას ვენჩურული ფონდ Leta Capital-ისა და ჯგუფ LUKOIL-ის სტრუქტურები, ასევე, დეპოზიტარ Infinitum-ის ხელმძღვანელი, პაველ პრასი და მეწარმე ალექსანდრე რიაზანოვი იქნებიან.


ვინ არის ალექსანდრე ჩაჩავა

ალექსანდრე ჩაჩავა 1979 წელს თბილისში, საბჭოთა ავიაკონსტრუქტორების ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში, 14 წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. დაამთავრა მოსკოვის სურსათის წარმოების სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმაციის დამუშავებისა და კონტროლის ავტომატური სისტემების სპეციალობით. მუშაობდა საგამომცემლო სახლ „კომპიუტერში“ (1999-2003), შემდეგ RBC მედია ჰოლდინგში წამყვან ანალიტიკოსად და მონაწილეობდა ჰოლდინგის პირველი IPO-ს მომზადებაში.

ჩაჩავა არის სერიული მეწარმე და ინვესტორი, ვენჩურული ფონდის LETA Capital-ის მმართველი დირექტორი, რომელიც ინვესტირებას ახდენს რუსულენოვანი მეწარმეების ტექნოლოგიურ პროექტებში. 2003 წელს ჩაჩავამ ორ პარტნიორთან, ანტონ სოკოლოვთან და სერგეი პილცოვთან ერთად შექმნა კომპანია LETA, საწყისი კაპიტალით $5000. ხუთი წლის შემდეგ, LETA შევიდა CNews-ის რეიტინგში რუსეთის ტოპ 50 უმსხვილეს IT კომპანიას შორის.

2005 წელს ალექსანდრე ჩაჩავამ დააარსა საერთაშორისო ანტივირუსული კომპანია ESET-ის რუსული ოფისი; ხოლო 2008 წელს ჩამოყალიბდა Leta Group ჰოლდინგი, რომელმაც გააერთიანა რამდენიმე კომპანია, მათ შორის Leta, ASK, Damask, Avanpost და ა.შ. 2012 წელს ჩაჩავამ დააარსა პირველი ვენჩურული ფონდი Leta Capital Limited, რომელიც მუშაობს evergreen-მოდელზე ($25 მილიონი დოლარი). ). ექვსი წლის შემდეგ ალექსანდრე ჩაჩავამ მეორე ვენჩურული ფონდი Leta Capital l (50 მილიონი დოლარი) მოიზიდა. დღეისათვის Leta Capital-ის საინვესტიციო პორტფელი მოიცავს 20-ზე მეტ სტარტაპს, მათ შორის inDriver, Double Data, Wakie, Bright Box, Unomy, MyBuddy და Novakid, რომელიც 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ინგლისური ენის შესწავლის საგანმანათლებლო პლატფორმაა და 40-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ალექსანდრე ჩაჩავა საცხოვრებლად კვიპროსში გადავიდა. 2022 წლის 27 სექტემბერს კი TAdviser-ის სათამაშო მიმართულება MY.Games-ის 100%-იანი წილი 642 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. 

ალექსანდრე ჩაჩავა ფეხბურთის ფანია და აქტიურად მონაწილეობს საავტომობილო რბოლებში.