რუსული კომპანია Wildberries, რომლის დამფუძნებელი ტატიანა კიმიც ევროკავშირის სანქციების სიაშია შეყვანილი, საქართველოში საქმიანობას აფართოებს. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიმოხილვის თანახმად, კომპანიის ადგილობრივმა ოპერატორმა „ტრანსკომ გრუპმა“ რუსთავთან სახელმწიფოსგან 19.25 ჰექტარი მიწა შეიძინა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასაწყობე ფართები იჯარით აიღო და თბილისში ტაქსის სერვისის — WB Taxi-ის ამოქმედებისთვის ემზადება.
EPRC-ის ინფორმაციით, „ტრანსკომ გრუპმა“ 2026 წლის იანვარში თბილისი–წითელი ხიდის საერთაშორისო გზასთან მდებარე ოთხი მიწის ნაკვეთი პრივატიზაციის გზით შეიძინა. ორგანიზაციის შეფასებით, ტერიტორია შესაძლოა ლოგისტიკური კომპლექსის მოსაწყობად იყოს განკუთვნილი, თუმცა პროექტის კონკრეტული დანიშნულება და მშენებლობის დაწყების ვადები ამ ეტაპზე უცნობია.
ამასთან, კომპანიას სოფელ გამარჯვებაში დაახლოებით 13 ათასი კვადრატული მეტრის სასაწყობე ფართი აქვს იჯარით აღებული. EPRC-ის ცნობით, „ტრანსკომ გრუპს“ გარდაბანში კიდევ ერთი საიჯარო ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული. ცენტრის შეფასებით, რუსთავთან ლოგისტიკური ცენტრის მოწყობა ჯგუფს რუსეთის ფარგლებს გარეთ საქონლის მიღების, შენახვისა და განაწილების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაუზრდის.
საქართველოში საქმიანობის გაფართოების კიდევ ერთი მიმართულება ტაქსის სერვისია. EPRC-ის ცნობით, 2026 წლის ოქტომბერში გამოცხადებული ორი ტენდერი თბილისში დაახლოებით 150 ავტომობილის ბრენდირებას ითვალისწინებდა. ორგანიზაციის შეფასებით, WB Taxi-ის ამოქმედების შემთხვევაში, ბაზარზე Yandex Go-სთან დაკავშირებული კიდევ ერთი რუსული ჯგუფის პლატფორმა გამოჩნდება.
მიმოხილვაში EPRC „ტრანსკომ გრუპის“ ქართულ კავშირებზეც ამახვილებს ყურადღებას. ორგანიზაციის ინფორმაციით, კომპანიის თავდაპირველი მფლობელი ბანკ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლაშა მეგრელიძე იყო. 2024 წლიდან კი კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი სერგი თვალჭრელიძეა, რომელსაც EPRC „ქართული ოცნების“ შემომწირველად და პარტიის დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესპარტნიორად მოიხსენიებს.
ცნობისთვის, ევროკავშირმა Wildberries-ის დამფუძნებელი ტატიანა კიმი 16 ნოემბერს დაასანქცირა. სანქციების დასაბუთებაში ევროკავშირი კომპანიას რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გადასახადის გადამხდელად და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების ხელშემწყობ პლატფორმად ასახელებს.