საქალაქთაშორისო გადაყვანასთან დაკავშირებით 2025 წლის 1 მარტიდან და 1 ივნისიდან 2 ახალი კანონი შევა ძალაში. რეგლამენტები განახლდა მგზავრების გადაყვანისა და ავტოსადგურების მოწყობისა და ფუნქციონირების წესებში. მძღოლებმა მგზავრების გადასაყვანად შესაბამისი ნებართვა 2025 წლის 1-ელ მარტამდე უნდა აიღონ. 1 ივნისიდან კი 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით იქნება ნებადართული. ამ შემთხვევაში მძღოლმა მომსახურება M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით უნდა გასწიოს, რომელიც მინიმუმ „ევრო 4“-ის სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. 2025 წლის 1 ივნისიდან ავტოსადგურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000 ლარიდან 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით.

,,კომერსანტი’’ ,,დიდუბის ავტოსადგურის’’ დირექტორს დაუკავშირდა. ჩვენ ნესტორ მიქატაძეს ვკითხეთ, მზად არის თუ არა ავტოსადგური ახალი რეგულაციებისთვის? ,,დიდუბის ავტოსადგურის’’ დირექტორი აცხადებს, რომ ისინი თავად იყვნენ ჩართული ახალი რეგლამენტის შემუშავების პროცესში, რომლის მსგავსიც უკვე მოქმედებს.

,,მსგავსი რეგლამენტები იყო და არსებობდა, რომლითაც ვხელმძღვანელობდით. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცხო არ არის არც რეგულაციებში შეტანილი ცვლილებები, არც მოთხოვნები, რომლებიც იქნება დაყენებული. ჩვენ ყველა იმ საკითხში, რომელიც გათვალისწინებულია ცვლილებებში, ყველაში ვმონაწილეობდით. გეტყვით პირდაპირ, რომ მთელი 5-6 წლის განმავლობაში, ჩვენი წერილების საფუძველზე არის გარკვეული დასკვნები გამოტანილი, გარკვეული ანალიზი გაკეთებული და ცვლილებებში შეტანილი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენთვის არ არის უცხო. ჩვენ სააქციო საზოგადოება ავტოსადგური დიდუბე ვართ პირველი კატეგორიის ავტოსადგური. ავტოსადგურის მოწყობისა და ფუნქციონირების წესის შესახებ არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს ჩვენ ვაკმაყოფილებთ. მომავალ კანონში, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 ივლისიდან შევა, არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული პირველი კატეგორიის ავტოსადგურის მიერ. ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის.’’- აცხადებს ნესტორ მიქატაძე.

,,დიდუბის ავტოსადგურის’’ დირექტორი აცხადებს, რომ საჭიროა ავტოსადგურების გარე პერიმეტრზე მგზავრების გადაყვანის აკრძალვა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების შემოღება, რათა პროცესი კანონის შესაბამისად წარიმართოს. ნესტორ მიქატაძეს განმარტავს, რომ ე.წ. ,,ხიშნიკების'' არსებობა პრობლემას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ საჭიროა შესაბამისმა უწყებამ პრევენციული ღონისძიებები გაატაროს და არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები და არაკვალიფიციური მძღოლები აღრიცხოს.

,,თუ ავტოსადგურებს ექნებათ მეტი პასუხისმგებლობა, თუ ავტოსადგურებმა თავიანთი მოწესრიგებისათვის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად გარკვეული სახსრები უნდა გასწიონ და გარკვეული დანახარჯები უნდა გასწიონ, ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით და ვითხოვთ ახლაც, რომ გარეთ ე.წ. ,,ხიშნიკები'' აიკრძალოს, რომ მგზავრთა ნაკადი შემოვიდეს ავტოსადგურში და მათი გადაყვანა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერად და აღრიცხულად, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში და მოწესრიგებული კანონმდებლობის ნორმების პირობებში არსებობს, რომ ჩვენ შეგვეძლოს მაქსიმალურად უზრუნველყოთ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დახმარება სპეციალური სამსახურების, რომლებიც აკრძალავენ და ჩაატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს აღურიცხავი, არარეგისტრირებული, გაუმართავი და არაკვალიფიციური მძღოლებისა და მანქანების მიერ საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანის სისტემაში.’’- აცხადებს ნესტორ მიქატაძე.

,,დიდუბის ავტოსადგურის’’ დირექტორს ვკითხეთ, შეძლებენ თუ არა მძღოლები ახალი რეგულაციების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებების გამართვასა და ახალი ავტობუსების შეძენას? ნესტორ მიქატაძე აცხადებს, რომ მძღოლების დიდი ნაწილს არ ჰყავთ ავტობუსი, თუმცა მათ ადმინისტრაციის მხრიდან გაფრთხილება უკვე მიიღეს, რათა ახალ რეგულაციებს მომზადებულები შეხვდნენ.

,,უმეტესობას ამ რეისებზე მოუწევთ ავტობუსებით მგზავრების გადაყვანა. ჯერჯერობით ავტოსადგურებში, ჩვენ ვისაც ვემსახურებით, ამ რაოდენობის ავტობუსები არ არის, მაგრამ ჩვენს მიერ უკვე მიღებულია ზომები და გაფრთხილებული არიან მძღოლები, რომ 1 მარტიდან შორ მანძილებზე ანუ 150 კმ-ზე მეტ მანძილზე, იმ მარშუტკებით, რომლითაც ახლა გადაჰყავთ მგზავრები, რეისს ვერ შეასრულებენ და მოემზადონ, რომ შეხვდნენ მომზადებულად იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომელიც ნებადართული იქნება ამ მანძილზე სასიარულოდ. ჩვენ მიღებული გვაქვს ზომები ამისათვის და ვფიქრობ, რომ მძღოლები არ დარჩებიან უმუშევარი და დაიწყებენ ნელ-ნელა ფიქრს. თუმცა გარკვეული რაოდენობის ხალხს ჰყავს ავტობუსები და ისინი მოვლენ და ავტობუსით დადგებიან.’’- აცხადებს ნესტორ მიქატაძე.