შპს „ტარიბანა 2016“-მა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფსტის გაშენება 2016 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. 47 ჰექტარზე დაახლოებით 25 000 ნერგი დარგეს. კომპანია ახლა ბაღების ფართობის გაზრდასა და ფსტის ექსპორტზე გატანას გეგმავს. თავდაპირველად სარისკოდ მიჩნეულმა პროექტმა გაამართლა და მცენარისთვის კლიმატური პირობები იდეალური აღმოჩნდა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაკურ კიკაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ფსტის ბაღების გაშენებამდე კახეთის რეგიონის კლიმატური პირობები და ნიადაგის ტიპები შეისწავლეს.
,,ვაშლოვანის ნაკრძალსა და მდინარე იორის ჭალებში გვხვდება ველური ფსტის (საკმლის ხე, კევის ხე) კორომები. აქედან გამომდინარე, ფსტის ბაღის გასაშენებლად შევარჩიეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ტარიბანას ველი, სადაც 2018 წელს 47 ჰექტარზე (დაახლოებით 25,000 მცენარე) დავიწყეთ პროექტის განხორციელება. ჩვენს მიერ შერჩეული საძირის, მდედრისა და შესაბამისი მამრი სანამყენე ჯიშების ზრდა-განვითარების, აგრეთვე, მიღებული ნაყოფის რაოდენობისა და ხარიხის კვალდაკვალ, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ტარიბანას ველზე არსებული კლიმატური პირობები იდეალურია ფსტის კულტურისთვის.’’- აცხადებს ბაკურ კიკაძე.
გასულ წელს კომპანიამ 2 ტონამდე მოსავალი მიიღო. ფსტა ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა მოსავლიანობის ზრდის პარალელურად კომპანია გადამმუშავებელი საწარმოს მოწყობასა და პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
,,საქართველოში არარსებული სანამყენე მასალიდან გამომდინარე, მყნობა მიმდინარეობს 5 წლის განმავლობაში. წელს დავასრულებთ ბაღის სრულ გაშენებას და მყნობას. გასულ წელს ნაყოფი დავკრიფეთ იმ მცენარეებზე, რომელიც დაიმყნა 2021 და განსაკუთრებით 2019 წელს (2019 წელს დამყნობილი მცენარე გასულ წელს მეოთხე მოსავალში იყო. ზოგიერთ მცენარეზე გვქონდა 15 კილომდე სველი ნაყოფი). 2024 წელს გვქონდა 2 ტონამდე ნაყოფი. ამ ეტაპზე გაყიდვები მხოლოდ საქართველოში ხდება. ბუნებრივია, მოსავალი წლიდან წლამდე მოიმატებს. მომავალ წელს ვგეგმავთ ფსტას ნაყოფის გადამმუშავებელი საწარმოს გამართვას და შეგვიძლია ვიფიქროთ პროდუქციის ექსპორტზეც.მას შემდეგ, რაც სრულად გავმართავთ ბაღს, რასაკვირველია, ვგეგმავთ ბაღის ფართობების გაზრდას. ვფიქრობთ, როცა ჩვენი ბაღი სრულ მსხმოიარობაში შევა, ამ დროისთვის საკმარისი რაოდენობის ფსტას ნაყოფი გვექნება, რომ მსოფლიო რუკაზე საქართველო დაფიქსირდეს როგორც ფსტას მომყვანი და ექსპორტიორი ქვეყანა.’’- აცხადებს ბაკურ კიკაძე.
შპს „ტარიბანა 2016“ სანერგე მეურნეობასაც ფლობს. მეურნეობას „კვალიფიციურობის სტატუსი“ აქვს მინიჭებული. ნერგებს პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებშიც ყიდიან. ბაკურ კიკაძე აცხადებს, რომ ნერგებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია.
,,წლიდან წლამდე იზრდება ფსტას ბაღის გაშენების მსურველთა რაოდენობა. საგულისხმოა, რომ დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ ფსტას კულტურასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებასა და დაგროვილი ცოდნის გაზიარებას. - ბაღის გეგმის მომზადება, საძირე, მყნობა, გასხვლა და ა.შ.’’- აცხადება ბაკურ კიკაძე.
ბაკურ კიკაძე განმარტავს, რომ ფსტა ერთ ჰექტარზე მიღებული მოგებით, სიცოცხლის ხანგრძლივობითა და გვალვის, აგრეთვე მწირი და უნაყოფო ნიადაგის ამტანობით ერთ-ერთ საუკეთესო მცენარედ ითვლება. მისივე თქმით, ფსტისთვის ყველაზე ხელსაყრელი კლიმატური პირობები კახეთის რეგიონსა და ქვემო ქართლშია.
,,ფსტას გაშენება სასურველია აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთისა (ქიზიყი, საგარეჯო, გურჯაანი) და ქვემო ქართლის (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი) რეგიონებში. ეს ის ადგილებია სადაც მცენარეს შეუძლია მიიღოს საკმარისი სითბო ნაყოფის დასამიწებლად და ასევე უმნიშვნელოვანესია ზამთრის ცივი დღებიც.’’- განმარტავს ბაკურ კიკაძე.