საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. საგამოძიებო უწყება მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.
,,გამოძიებით დადგენილია, რომ ე.ბ.-მ, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით 300 ლარის აღების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ყალბი ცნობები, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება." - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.