2 ივლისიდან ქვეყანაში თვითნებურად გადაკეთებული მაყუჩის მქონე ავტო/მოტო საშუალების გამოყენება აიკრძალა. რეგულაციის მიხედვით, აღნიშნული  სატრანსპორტო საშუალების მფლობელი 200 ლარით დაჯარიმდება, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა სისტემიდან 30 ქულა დააკლდება და მის სატრანსპორტო საშუალება საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანენ. 

საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე "კომერსანტთან" ინტერვიუში განმარტავს, რომ გადაკეთებული მაყუჩი ავტომატურად ხმაურს არ ნიშნავს; დასაშვები ხმაურის გადაჭარბების დასადგენად საპატრულო პოლიციამ დეციბელების სპეციალური საზომი უნდა გამოიყენოს. 

,,ის, ვინც ქალაქში ხმაურობს,არ ნიშნავს, რომ სპორტული ავტომობილით დადის ან სპორტსმენია. სპორტული ავტომობილი უდიდესი სიმძლავრის მქონეა, რომელიც ნელი სიარულისთვის და ქალაქში გადაადგილებისთვის არაკომფორტულია. ქალაქში ხმაური ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი მძღოლები სპორტსმენებს ჰბაძავენ და უნდათ, რომ რბოლის მსგავს ხმას გამოსცემდნენ.

იმისთვის, რომ კონკრეტულ პიროვნებას სასჯელი დავაკისროთ, საჭიროა ხმაური კონკრეტული შკალით გაიზომოს; პატრულის ინსპექტორები უნდა იყვნენ აღჭურვილი სპეციალური მოწყობილობით, რომელიც დეციბელებს გაზომავს და თუ დასაშვებ ზღვარს აჭარბებს, ამ შემთხვევაში მძღოლი დააჯარიმონ.

ის, რომ მე მგონია, შენ ქალაქში ხმაურობ, რადგან გადაკეთებული მაყუჩი გაქვს, არასწორია",- ამბობს მელაძე. 

იმის გამო, რომ საქართველოში ავტომობილები უცხოეთიდან, ძირითადად ამერიკიდან შემოდის, როგორც ვიზუალური ისე ტექნიკური დეტალები მწარმოებელი ქვეყნის მოთხოვნებზეა მორგებული.

ჩვენთან რეგულაციები აქამდე არ არსებობდა, ამიტომაც მევლუდ მელაძის განმარტებით, მძღოლებს გადასაწყობად საკმარისი დრო უნდა მისცემოდათ, რაც არ მოხდა და ახლა რეგულაცია ძალიან ხისტად მუშაობს.

,,ჯერ არ ყოფილა, რომ სპორტული მანქანის მძღოლი ხმაურის გამო დაეჯარიმებინათ. ასეთი ავტომობილები ძირითადად მწარმოებელი ქვეყნის სტანდარტებზეა მორგებული, ამერიკაში მაგალითად ეს შტატების მიხედვით არის რეგულირებული; ზოგი ხმაურიანია, ზოგი- ნაკლებად. ჩვენ ასეთი შეზღუდვები აქამდე არ გვქონია, ნებისმიერი შტატის ავტომობილი შემოდიოდა, ამიტომ ეს კანონი სულ რომ იდეალური იყოს, მძღოლებს მოსამზადებლად კონკრეტული დრო უნდა მისცენ. ახლა ეს ყველაფერი ძალიან ხისტად მიმდინარეობს, მართალია მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან იყო, რადგან ხმაური ნამდვილად აჭარბებდა დასაშვებ ზღვარს განსაკუთრებით ღამის საათებში, მაგრამ უნდა არსებობდეს კონკრეტული შეზღუდვა კონკრეტული საზომი ერთეულით",-  აღნიშნა საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ.