The cone culture საქართველოში 5 წელია რაც ოპერირებს და მომხმარებელს 200-მდე გემოს მქონე ნაყინს სთავაზობს, მათ შორისაა შოკოლადის აჯიკის, ვანილის აჯიკის, მარილიანი კარამელის, მარწყვის რეჰანით და სხვა განსაკუთრებული რეცეპტის მქონე ნაყინები. როგორც კომპანიის მენეჯერი ლევან აგალარი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს The cone culture - ის სლოგანია „ბედნიერების გაზიარება“, მათი ნაყინი მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებზე მზადდება, ინგრედიენტების  ძირითად ნაწილს კი საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობენ, რადგან სწორედ ამ  გზით უნდათ ქართული პროდუქტების ხელშეწყობა. 

„ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ვართ წარმოდგენილები, გვაქვს ორი ფილიალი: შევჩენკოს 5 ნომერში და „ბაზარი ორბელიანზე“. ჩვენ ნაყინებში, ხილი იქნება ეს თუ პასტები, ყველაფერს ქართულს ვიყენებთ, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი, ის რაც  საქართველოში არ მოდის, შემოგვაქვს იმპორტით, მაგალითად ვანილი გამონაკლისის სახით ჩამოგვაქვს მადაგასკარიდან. ზოგადად 200-ზე მეტი ხელნაკეთი ნაყინი გვაქვს დამზადებული, გარდა  ხილის ნაყინებისა გვაქვს უშაქრო, ულაქტოზო და  ექსპერიმენტული ნაყინები, მივმართავთ სხვადასხვა ვარიაციებს, მაგალითად ასეთია აჯიკის ნაყინი, ლურჯი ყველის ნაყინი, მარილიანი კარამელი და  სხვა“ - აღნიშნა ალექს აგალარმა. 

როგორც აგალარი ამბობს აჯიკის ნაყინის დაზმადების იდეა აჯიკის ფესტივალიდან წამოვიდა, სადაც  The cone culture- მა პირველი ადგილი აიღო. 

„როდესაც აჯიკის ნაყინს მიირთმევ თავიდან სიცივის  შეგრძნებაა,  შემდეგ იხსნება აჯიკის გემო და სრულად აჯიკის გემო აქვს, ზუგდიდში აჯიკის ფესტივალზე ვიყავით და იქ  გაგვიჩნდა იდეა, რომ გვეწარმოებინა აჯიკის ნაყინი, შემდეგ ამ ნაყინმა პირველი ადგილი აიღო და  ჩვენი ქსელის სავიზიტო ბარათი  გახდა, თავიდან გვქონდა ვანილის აჯიკის ნაყინი და შემდეგ დავამატეთ შოკოლადის აჯიკის ნაყინი. აღნიშნულ ნაყინზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით მეგრელებს მოსწონთ, თუმცა  გვიკვეთავენ ტურისტებიც. რაც  შეეხება მარილიან  კარამელს, ეს არა მარტო საქართველოში არამედ მსოფლიოშიც „ბესტ სელერია“ - აღნიშნა ალექს აგალარმა. 

აგალარის  თქმით ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ  თბილისშია, თუმცა ახლო მომავალში ფილიალის  გახსნას ბათუმში გეგმავს, ამას გარდა ფრანჩაიზის გაკეთება უნდა სხვადასხვა  ქვეყანაშიც. 

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ რესტორნებთანაც,  ჩვენი ნაყინი ათამდე  რესტორანშია  წარმოდგენილი, რაც  შეეხება განვითარებას, რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, ეს არის რესტორნებთან თანამშრომლობა, ფილიალების დამატება, რეგიონებში გასვლა და საზღვარგარეთ ფრანჩაიზის გაკეთება, თუმცა მანამდე ჯერ საქართველოში გვინდა რომ კარგად  დავმკვიდრდეთ და  შემდეგ გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე, თუმცა მოთხოვნა და დაინტერესება ნამდვილად არის. რაც  შეეხება  ფასს, ჩვენთან ერთი ბურთულა 7.50 ღირს, რაც  სხვა  სანაყინეებთან  შედარებით ცოტა მაღალია, თუმცა ჩვენ ნაყინების სხვა სეგმენტს მივეკუთვნებით, ასევე ნატურალურ პროდუქტებზეა დამზადებული და ვინც  ნატურალური პროდუქტების ფასი იცის, მათთვის ეს ფასი მისაღებია.“ - აღნიშნა ალექს აგალარმა. 

კომპანია ამ ეტაპზე 15 ადამიანს ასაქმებს.