ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ყველა სექტორზე აისახება. არასტაბილური ვითარების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ტურიზმის სექტორია. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, რა ვითარებაა ზამთრის კურორტებზე? ჩვენ ,,ბაკურიანი ინნ’’ დავუკავშირდით.

სასტუმროს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ წელს მოთხოვნა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 10 %-ით შემცირებულია. სასტუმროს ჯავშნები დეკემბერსა და იანვარში უცხოელმა ტურისტებმა გაუუქმეს.

,,კურორტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დიდი დაინტერესებაა დამსვენებლის მხრიდან, თუმცა მოთხოვნა დაახლოებით 10 %-ით არის შემცირებული, ვიდრე ეს გასულ წლის დეკემბერში იყო. რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, როგორც დეკემბრის, ისე იანვრის თვეში რამდენიმე ჯგუფმა სრულად  გაგვიუქმა ჯავშანი, ზოგიერთმა მათგანმა კი დროებით შეაჩერა მოლაპარაკებები, მათი უმრავლესობა იყვნენ ევროპის რეგიონიდან. ბუნებრივია, რომ ქვეყანაში მიმდინარე  მოვლენებს აქვს გავლენა ბიზნესებზე და გამონაკლისი არც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაა, თუმცა დღეის მონაცემებით სასტუმროს დატვირთულობა 60%-ს აღწევს და ის მოიცავს როგორც ადგილობრივ დამსვენებლებს ასევე სხვა ქვეყნიდან ტურისტებს.’’- აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.

რაც შეეხება მომსახურების ფასს, სასტუმრო ,,ბაკურიანი ინნ’’-ში აცხადებენ, რომ სტაბილურ ფასს ინარჩუნებენ და წლევანდელი ფასები გასული წლის იდენტურია.

სასრიალო სეზონი ბაკურიანში 7 დეკემბერს გაიხსნა. ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე, ღიაა შემდეგი საბაგიროები და შესაბამისი ტრასები: დიდველზე – ნოდო და ჰალფ პაიპი, კოხტაზე – კოხტა პლატო.