ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა დაახლოებით, 22-23%-ით გაიზარდა. ვფიქრობთ, მომდევნო პერიოდშიც სტაბილურად მზარდი იქნება უშაქრო პროდუქტებზე მოთხოვნა, - ამის შესახებ საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია "უშაქროს" დამფუძნებელმა რუსუდან კვანტალიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, უშაქრო პროდუქცია უფრო და უფრო მეტი მომხმარებლის ყურადღებას იპყრობს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.

"ყველა პროდუქტს თავისი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა, ტრადიციულ კრემიან დესერტებს გამოვყოფდი. ვფიქრობ, შაქრის მავნებლობაზე მეტად ინფორმირებულია დღეს მომხმარებელი ვიდრე აქამდე იყო. ძალიან გვიხარია ის ფაქტი, რომ მცირე დროში ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ, ისინი გვენდობიან და იციან რომ "უშაქროში" მაღალი ხარისხის, საუკეთესო ნედლეულით დამზადებული ჯანსაღი ტკბილეულის დიდი არჩევანი დახვდებათ", - აცხადებს რუსუდან კვანტალიანი.


მისივე განმარტებით, კომპანია ახლო მომავალში ფილიალების დამატებას და მენიუს დაახლოებით, 70%-ით განახლებას გეგმავს. 


მისივე თქმით, "უშაქრო" ახალი კატეგორიის - პურ-ფუნთუშეულის რამდენიმე სახეობის დამატებას განიხილავს.


"განახლებული მენიუსთვის დესერტების და ტკბილეულის დატესტვა ახლახან დავიწყეთ და მომდევნო 2 თვე ამით ვიქნებით დაკავებული. რთულია მივყვეთ გეგმას, რადგან შაქრის შემცვლელებით ვმუშაობთ და ხშირად ძალიან არაპროგნოზირებად შედეგებამდე მივდივართ. გვიწევს ერთი და იგივე პროდუქტის ზოგ შემთხვევაში რამდენიმე კვირის განმავლობაში დატესტვა. მენიუს დაახლოებით, 60-70% შეიცვლება. კვლავ გვექნება: უგლუტენო, ულაქტოზო, ვეგანური და კეტო-მეგობრული კატეგორიები. რა თქმა უნდა, ყველაფერი უშაქრო. გეგმაში გვაქვს ფილიალების ზრდა, მათ შორის, სავაჭრო ცენტრებში შესვლაც. ამ ეტაპზე, განხილვის პროცესში ვართ და ბევრი საკითხი კვლავ გადასაწყვეტი გვაქვს", - აცხადებს რუსუდან კვანტალიანი.


შეგახსენებთ, კომპანია „უშაქრო“ 2021 წელს დაფუძნდა და ამ ეტაპზე,თბილისში 2 ფილიალი აქვს.

bp.ge