უკრაინამ „ბოლერო და კომპანის" მფლობელი, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველი ვახტანგ კარიჭაშვილი დაასანქცირა. უკრაინა მას და მის კომპანიას სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან კავშირში ამხელს.

„ბოლერო და კომპანის" საწარმოები ერთად საქართველოში მოყვანილი ყურძნის ნახევარზე მეტს ამუშავებენ. ის სპეციალიზებულია მასობრივი მომხმარებლისთვის გამიზნული მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოებაში.

კომპანიების ჯგუფის მფლობელია ვახტანგი კარიჭაშვილი, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მინიმუმ 14 ქართული კომპანიის დამფუძნებელი და ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია“, - ვკითხულობთ უკრაინულ პორტალზე „ომი და სანქციები“.

სადაც ნათქვამია, რომ ვახტანგ კარიჭაშვილის უშუალო კონტროლის ქვეშ მყოფი ქართული კომპანიების ფინანსური ანგარიშგება მიუთითებს, რომ კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს პროდუქციის რუსულ ბაზარზე გაყიდვა წარმოადგენს.

„Forbes-ის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ღვინის იმპორტი 2023 წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა. შედეგად, საქართველომ გაუსწრო ესპანეთს და მიუახლოვდა იტალიას, რომელიც რუსეთში ღვინის მიმწოდებლებს შორის ლიდერია.

სწორედ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიების ჯგუფი - შპს Bolero & Company, არის აგრესორ ქვეყანაში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, რომელიც აგრძელებს მიწოდების მოცულობის გაზრდას რუსეთსა და რუსულ კომპანიებში, რომლებსაც სანქცირებული სუბიექტები აკონტროლებენ.

BOLERO & COMPANY LTD-მ, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე, რუსეთში 35,9 მილიონი აშშ დოლარის საქონელი გაიტანა. ღვინის მიმღები რუსული კომპანიები იყვნენ:

შპს Лудинг-Трейд , რომელიც დაკავშირებულია საკონტროლო ურთიერთობებით შპს Лудинг-Симферополь-თან.

შპს Логистика Альтернатива აკონტროლებს შპს PJSC Магнит, ხოლო Магнит-ის მთავარი აქციონერი (29.2% აქციები) სანქცირებული ალექსანდრე ვინოკუროვია. რომელიც Marathon Group-ის მთავარი აქციონერი და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძეა.

შპს GVMT GROUP-მა 01.01.2022-დან 30.09.2023 წლამდე - რუსეთში 27,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საქონელი გაიტანა. ერთ-ერთი რუსული კონტრაგენტია:

Бристоль Ритейл Логистикс, რომლის დამფუძნებელია შპს Меркурий Ритейл Холдинг, რომელიც თავის მხრივ ასოცირდება სანქცირებულ პირებთან იგორ კესაევთან და სერგეი კაციევთან.

შპს GRUZVINPROM-მა 01/01/2022-დან 30/09/2023-მდე პერიოდში - 5,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საქონელი გაიტანა რუსეთში.

ზოგადად, ვახტანგ კარიჭაშვილის მიერ კონტროლირებად კომპანიათა ჯგუფმა რუსეთში 69 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა 01.01.2022 წლიდან 30.09.2023 წლამდე.

ამრიგად, კომპანიების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს შპს Bolero & Company, აგრძელებს რუსეთის ეკონომიკის აქტიურ მხარდაჭერას და, შესაბამისად, აფინანსებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ; კომპანიის მენეჯმენტისგან არ ყოფილა რუსეთის ომის უკრაინის წინააღმდეგ დაგმობის მცდელობა“, - ნათქვამია უკრაინულ  პორტალზე.