ქართველი მომხმარებელი უპირატესობას ღია ფერის თაფლს ანიჭებს, რის გამოც ადგილობრივ ბაზარზე ამ სახეობის თაფლის რეალიზების პრობლემა დგას. მეფუტკრეებმა პრობლემის მოსაგვარებლად, მუქი ფერის პროდუქცია დიდი ოდენობით თურქეთში გაიტანეს, რამაც ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტი და თაფლზე ფასის მატება გამოიწვია. ,,მეფუტკრეთა ასოციაციის’’ თავმჯდომარე ალეკო პაპავა აცხადებს, რომ ქართული ბაზრისგან განსხვავებით, მუქი ფერის თაფლზე მოთხოვნა თურქეთში გაცილებით მაღალია.

,,თაფლი ძვირდება და ფასი იმატებს. ეს გამოიწვია იმან, რომ მუქი თაფლი არალეგალურად და სხვა არხებით გავიდა თურქეთში. თურქეთში გაზრდილია მოთხოვნა, ოღონდ თაფლი იყოს მუქი შეფერილობის და იყიდება. მუქი თაფლი ძირითადად დასავლეთ საქართველოში მოდის. სწორედ, დასავლეთ საქართველოდან იყიდება ეს თაფლი თურქეთში. აღმოსავლეთ საქართველოში მოყვანილი თაფლი ანუ ღია ფერის თაფლი შიდა ბაზარზე უფრო მოთხოვნადია. მუქი თაფლი წელს გადავიდა დეფიციტში, რადგან გავიდა თურქეთში.’’- აცხადებს ალეკო პაპავა.

საქართველოს თურქეთში ყოველწლიურად 200 ტონა თაფლის შეტანა შეუძლია. ,,მეფუტკრეთა ასოციაციის’’ თავმჯდომარე ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ წელს თაფლი მეზობელ ქვეყანაში არალეგალური გზებითაც გაიყიდა. საქართველოდან თურქეთში გატანილი თაფლის მოცულობა თურქეთში არსებულ მოთხოვნასა და პროდუქტზე დეფიციტის არსებობაზეა დამოკიდებული.

,,ყოველთვის მოწადინებული ვართ, რომ იყოს ლეგალური ბაზარი. თურქეთთან საქართველოს აქვს 200 ტონა თაფლის შეტანის უფლება, მაგრამ იქ არის სხვა და სხვა ბარიერები, რომელსაც თურქული მხარე იყენებს. ანუ ამ ბარიერებს საბაჟოზე ძალიან ექცევა ყურადღება. როცა თურქეთს ექმნება დეფიციტი, მაშინ უფრო იოლად ლახავს არალეგალური საქონელი საზღვარს. როცა დეფიციტი არ აქვთ, მაშინ იკეტება. დამოკიდებულია დეფიციტის შექმნაზე, მაგრამ ჩვენ გვინდა ქართული თაფლი, რომელიც თავისი ღირსებით და სისუფთავით წამყვანია, ლეგალურად გადავიდეს თურქეთშიც.’’- აცხადებს ალეკო პაპავა.

ქართულ ბაზარზე თაფლის გაძვირების ტენდენცია პროდუქტის დიდი ოდენობით თურქეთში გატანას უკავშირდება.  ფასის მატების მეორე ფაქტორი კი თურქეთში ქართულ ბაზართან შედარებით, თაფლზე არსებული მაღალი ფასია.