თხილის მსოფლიოში წამყვან მწარმოებელ თურქეთს სერიოზული პრობლემები აქვს. ევროკავშირის ბევრი მყიდველი ახლა უპირატესობას ანიჭებს ალტერნატიულ მომწოდებლებს, მათ შორის საქართველოს. თხილის გლობალურ ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება - მსხვილი მომწოდებლების რაოდენობა იზრდება. თურქი მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში ქვეყნის პოზიციის შესანარჩუნებლად საჭიროა სტრატეგია.

თხილის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით, Mundus-Agri-ის მასალებზე დაყრდნობით EastFruit-ი სტატიას აქვეყნებს.

ახალი ამბები თურქეთიდან უარყოფითია. გასულ კვირას ლონდონში თხილისა და ხმელი ხილის საერთაშორისო საბჭოს (INC) კონგრესის შედეგები იყო განგაშის ზარი თხილის სექტორისთვის. თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს (INC) მონაცემებით, 2022/2023 წლების სეზონის დასასრულს მსოფლიოში ნაჭუჭიანი თხილის 230 900 ტონა მოცულობის მარაგში თურქეთის წილმა შესაძლოა, 215 000 ტონა, ანუ 93% შეადგინოს. EastFruit-ის შეფასებით, თურქეთი ერთადერთი მსხვილი მოთამაშეა, რომელმაც ბაზარზე აბსოლუტური ლიდერობის მიუხედად, ამ სეზონზე თავისი პროდუქციის მნიშვნელოვანი მოცულობის გაყიდვა ვერ შეძლო.

საერთაშორისო კონკურენცია აუცილებლად გაძლიერდება და მომწოდებლები უკვე გრძნობენ შედეგებს. აზერბაიჯანსა და საქართველოში ფასები $1.00/კგ-ზე დაბალია, მაგალითად, ევროპაში ბევრი მყიდველი ამბობს, რომ თხილის ყიდვა ამ ქვეყნებიდან ურჩევნია. კონკურენტუნარიანი ალტერნატივა ხდება ამერიკული თხილიც.

როგორც სტატიაშია აღნიშნული თურქეთში პრობლემა ის არის, რომ ბაზარი არ არის დამოკიდებული მიწოდებისა და მოთხოვნის ნორმალურ დინამიკაზე და ერდოღანის გამარჯვება არჩევნების მეორე ტურში ამ მხრივ პრობლემებს ქმნის. მისი ირაციონალური საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკა გაგრძელდება. თურქული ლირა უკვე ორშაბათს აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულ დაბალ დონეზე ტრიალებდა და ახლა უკვე ვალუტის შავი ბაზარიც არსებობს..

სტატიაში ნათქვამია, რომ თურქულმა ბანკებმა შეწყვიტეს სესხების გაცემა და სახელმწიფო ბანკები მცირე სესხებზე მაღალ განაკვეთებს ადებენ. როდესაც ცენტრალური ბანკის რეზერვები ყველა დროის ყველაზე დაბალ დონეზეა, შეუძლებელი გახდა ანგარიშებიდან უცხოური ვალუტის ამოღება. მომწოდებლები ამბობენ, რომ თუ მათ სურთ საკუთარი ანგარიშიდან 2000 აშშ დოლარის ამოღება, ბანკი მათ აიძულებს ერთი კვირა დაელოდონ, გარანტიის გარეშე, რომ სრული თანხა ხელმისაწვდომი იყოს. სტატიაში აღნიშნულია, რომ თუ სასწაული არ მოხდა მოსალოდნელია, რომ ვითარება გაუარესდება, და ბევრ ბიზნესს მოუწევს გაკოტრება გამოაცხადოს.