„მინდა სხვა ქართველ ბიზნესმენებს ვუთხრა - ნუ ცდილობენ ჩინეთთან ჭიდაობას. შენი პრემიანული ნიშა გქონდეს, გამოუშვი ცოტა, მაგრამ ხარისხიანი, უცხოურთან ოდნავ დაბალი ფასი ჰქონდეს, რომ კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ ხარისხი გქონდეს იგივე, რაც უცხოელებს აქვთ. პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ შეგვიძლია მრავალფეროვნად მოვიცვათ ყველაფერი. მერე მართლა გახდება ბრენდი საქართველო“, - ამის შესახებ დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“, განაცხადა.
დიზაინერის პროფესიაზე საუბრისას ზვიად ციკოლიამ განაცხადა, რომ დიზაინერობა საკმაოდ რთული გზაა. მარტივად არ ხდება ყველაფერი, წარმატების და ცნობადობის მოპოვებამდე გრძელი და წინააღმდეგობებით სავსე გზა გაიარა და მის კარიერაში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი გაიხსენა, რომელიც ციკოლიას საათების ბრენდის შექმნას და წარმატებას უკავშირდება.
„მე ამ აგურების დადება ათეული წლების წინ დავიწყე, როცა საავტომობილო დიზაინში გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას. ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ის მოიტანა, რომ გვარი ციკოლია ბრენდთან ასოცირდება. ამ საათების კეთება რომ დავიწყე, საინტერესო მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მე შორს ვარ გვირგვინისგან და ცხვირის ზევით აწევისგან, არ მჭირს ვარსკვლავური ავადმყოფობები. რაღაც მომენტში ჩემს თავში შემეპარა ეჭვი, უბრალოდ მართლა ასე მაგრად მოსაწონი ვარ, თუ გვარია ასე პოპულარული და ამან განაპირობა ცნობადობა?
გადავწყვიტე, გამომეშვა საათები, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გავიდოდა, რომელსაც ჩემი გვარი არ ექნებოდა და ინტერნეტში იმის მოძებნა, ვინ იყო ამ საათების უკან შეუძლებელი იქნებოდა. საათების ბრენდს ერქვა Unique. როგორც კი დავიწყე ამ საათების წარმოება და ვნახე, რომ პირველივე მოდელიდან ისინი პოპულარული გახდა, შემდეგ გადავწყვიტე ბრენდი დამეპატენტებინა. ამან ახალი ბიძგი მომცა“, - განაცხადა ზვიად ციკოლიამ.
ლევან კობერიძის თქმით, ქვეყნის ბრენდი მაშინ არის საინტერესო, როცა ქვეყნის წარმომადგენელი, კომპანია იქნება, თუ პიროვნება ქვეყანას რაღაც საინტერესოს აძლევს. ამ მხრივ ზვიად ციკოლიამ ახალი ნაბიჯები გადადგა დიზაინის კუთხით და მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტების შექმნით ბევრ ახალგაზრდას კარგი მაგალითი მისცა.
ზვიად ციკოლიას თქმით, მისი მიზანი არასდროს ყოფილა ის, რომ ფული ეშოვა, საამისოდ ბევრად უფრო მარტივი გზები არსებობს, მისთვის მთავარი იმის კეთება იყო და არის, რაც უყვარს და რაც სიამოვნებას ანიჭებს.
„პირველ რიგში შენ უნდა გააკეთო და შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც შენ გიყვარს და შენთვისაა სასიამოვნო. გულახდილად რომ ვთქვა, მე იმაზე არ ვფიქრობ, მომხმარებელს რა უნდა, მე იმაზე ვფიქრობ, მე რა მომეწონებოდა. გარკვეულწილად ეს დიდი რისკია. ჩემი საათების მსგავსად მინდოდა, რომ სუნამოებიც განსხვავებული გამეკეთებინა. ანტუან ლის (ცნობილი პარფიუმერია, ისეთ ბრენდებისთვის მუშაობდა, როგორიცაა Comme des Garcons-ია) რომ შევხვდი, პირველი ეს ვუთხარი, ისეთი სუნამო გაეკეთებინა, სხვა ქვეყანაში მარკეტინგის სამსახური რომ არ აიღებდა და როგორიც მას მოეწონებინა. მერე ჩემი პორტფოლიო გავუგზავნე და ნახა „დიდგორი“, ჯავშან-ტექნიკა, ქვევრი, როგორი ბოთლი ექნებოდა სუნამოს, ღვინის ქვეყანა ვართ მეთქი, ვუთხარი, ქართული სიმღერები „ჩაკრულო“ და „შენ ხარ ვენახი“ გავუგზავნე. ამის შემდეგ, სუნამოს თემატიკად აიღო სამხედრო ტექნიკა და მის გარშემო გააკეთა სუნამო“, - აცხადებს ციკოლია. მისი თქმით, „თუ თქვენ ხარისხიანად აკეთებთ რამეს და გულით აკეთებთ, მას მყიდველი ყოველთვის გამოუჩნდება, ერთადერთი არის ის, რომ შენი გაკეთებული პროდუქტი გიყვარდეს და შენ თავთან არ წახვიდე კომპრომისზე“.
გადაცემის ბოლოს დიზაინერმა ახალგაზრდა დამწყებ დიზაინერებს ურჩია, რომ წინააღმდეგობებს არ შეუშინდნენ და ფარ-ხმალი არასდროს დაკარგონ.
„ყველაზე დიდი იარაღი არის ის, რომ მე ფარ-ხმალს არ ვყრი, ყოველთვის ვმოძრაობ ჩემი მიზნისკენ, კოვიდის პერიოდში დამატებით 3 მოდელი ჩავუშვი წარმოებაში. ხომ ყველა გაჩერებული იყო და პრაქტიკულად ამ სამმა მოდელმა მომცა იმის საშუალება, რომ მერე ახალი ჩარხები გვეყიდა. როცა ტალღა მოდის, იმ ტალღას კი არ უნდა გაექცე, მე შევუვარდი იმ ტალღას და შედეგიც მივიღე“, - განაცხადა ციკოლიამ.