ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსი ნონიაძის განცხადებით, ამერიკიდან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რუსეთში ექსპორტის აკრძალვა ქართველი ავტოიმპორტიორებს შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს.
როგორც მან რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ საუბრისას განმარტა, რუსეთში ექსპორტს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 5% უჭირავს, რაც კრიტიკული წილი არ არის, თუმცა მოგების ნაწილზე საკმაო გავლენას მოახდენს.
„თუ ექსპორტში მოწინავე ადგილებზეა რუსეთი, იმპორტში არის სადღაც მე-7 ადგილზე და მთლიან ექსპორტში 5,3% უკავია. მიმდინარე წლის 6 თვეში, რუსეთში ექსპორტზე გავიდა 3800-მდე ავტომობილი, რამაც $53 მლნ შეადგინა.
ახალი სანქციების ამოქმედების შემდეგ, რა თქმა უნდა ეს ბაზარი მოაკლდება იმპორტს.
რიცხვებით თუ შევხედავთ, 5% არ არის კრიტიკული მაჩვენებელი და მნიშვნელოვან პრობლემებს არ შექმნის, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული პროცენტის უკან დგანან ის ავტოიმპორტიორები, რომელთაც შემოსავალი შეუმცირდებათ და მათ ეს რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს“, - აღნიშნა ალექსი ნონიაშვილმა.
მისი თქმით, ავტოიმპორტიორებს გადასახადების ზრდის გამო ისედაც რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ასოციაცია იაზრებს, რომ სანქციების შესრულება აუცილებელია, რათა ბაზრის დანარჩენს 95%-ს საფრთხე არ დაემუქროს.
მან გადაცემაში 5 აგვისტოს 11:00 საათზე „ავტოპაპას“ ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაც დააანონსა.
„ასოციაციას მშვენივრად გვესმის შექმნილი ვითარება და ვცდილობთ ავტოიმპორტიორებსაც გავაგებინოთ, რომ თუ ჩვენ აშშ-ისა და ევროკავშირის ამ მოთხოვნებს არ შევასრულებთ, შესაძლოა ბაზრის 95%-იც დავკარგოთ.
ძალიან რთული ვითარებაა. მოთხოვნის ზრდის მიუხედავად მიწოდება უფრო მეტად იზრდება და ამის გამო ბაზარი გაჯერებულია და გაჩერებულია. ავტოიმპორტიორების მოთხოვნით, ხვალ ვაანონსებთ აქციას, „ავტოპაპას“ ადმინისტრაციასთან, რადგან ძალიან მაღალია გადასახადები ბაზრობაზე. ავტოიმპორტიორები მანქანებს ვეღარ ყიდიან, თვეობით უდგათ ბაზრობაზე, გაეზარდათ ხარჯები და უგროვდებათ დავალიანებები, რომელთა გასტუმრებასაც ვეღარ შეძლებენ“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
მისი პროგნოზით, ავტომობილების ბაზრებზე მომხდარი ცვლილებები, უახლოეს პერიოდში მოთხოვნას აუცილებლად შეამცირებს, რასაც ავტოიმპორტიორები მიწოდების შემცირებით უპასუხებენ. ეს გავლენას მოახდენს ბიუჯეტში გადასახადებზე და გარკვეულწილად, ეკონომიკის მოცულობაზეც.
მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ხვალინდელი აქციის შემდეგ, რადგან თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, მოსალოდნელია, რომ ბაზარს ბევრი ავტოიმპორტიორი დატოვებს.