რუბრიკაში „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა - გიორგი ქედელიძემ კონცენტრაციების სტატისტიკასა და მის კონტროლზე ისაუბრა.

ქედელიძის თქმით, კომპანიის წილის შეძენა, შერწყმა, ერთობლივი საწარმოს დაფუძნება ან კონტროლის ნებისმიერი სხვა ფორმით მოპოვება GCCA-სთან წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება.

„ქვეყანაში ყოველ კვარტალში კონცენტრაციის 9-იდან 11 ათასამდე ტრანზაქცია რეგისტრირდება. მათი უმრავლესობა სააგენტოსთან წინასწარ შეტყობინებას არ საჭიროებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კონცენტრაციის მონაწილე კომპანიების წინა ფინანსური წლის ჯამური ერთობლივი შემოსავალი აღემატება 20 მილიონ ლარს და ამავდროულად, არც ერთი მათგანის არ არის 5 მილიონ ლარზე ნაკლები, სააგენტოსთვის მიმართვა აუცილებელია ამგვარი ტრანზაქციის განხორციელებამდე.

კონკურენტულ გარემოზე გავლენა გააჩნია ყველა კონცენტრაციას და შესაბამისად, რეგულირების მიზანს წარმოადგენს შესაბამის ბაზრებზე დაგეგმილი კონცენტრაციების შესაძლო გავლენის შეფასება. დაუშვებელია, იმგვარი კონცენტრაციის განხორციელება, რაც იწვევს ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის შექმნას ან მის გაძლიერებას.

სააგენტო ახორციელებს ქვეყანაში განხორციელებული კონცენტრაციების ყოველკვარტალურ პროაქტიურ მონიტორინგს. აღნიშნულის ფარგლებში, ვლინდება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციები. ამ შემთხვევაში, სააგენტო იყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქცირების მექანიზმს, რის შემდეგადაც ხდება უკვე განხორციელებული კონცენტრაციის გავლენის შეფასება კონკურენტულ გარემოზე“,- აღნიშნა გიორგი ქედელიძემ.