ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები თუკი დიდხანს გაგრძელდა, საქართველოს უძრავ ქონებაზე შესაბამის გავლენას მოახდენს, როგორც ეს რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაში მოხდა, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „გუმბათი ჰოლდინგის“ დირექტორმა ნატო ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ამ ეტაპზე ბაზარზე სიტუაცია სტაბილურია, ჯერჯერობით მოთხოვნის ზრდა მიგრაციასა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ ფიქსირდება. თუმცა, თუ კონფლიქტი მალე არ დასრულდა, სექტორი ზრდას ელის.
„უძრავი ქონება ზოგადად ისეთი სფეროა, რომელიც ნაკლებად მოქნილია და მოთხოვნას აკუმულირება ესაჭიროება ხოლმე. ახლა სწორედ იმ ეტაპზე ვართ, როცა ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და სავარაუდოდ, მოთხოვნის ზრდასაც მოველით.
რუსეთ-უკრაინის ომი ძალიან განსხვავებული შემთხვევა იყო, მაშინ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად, რამდენჯერმე გაიზარდა. ეს კონფლიქტი, რომელსაც ახლა ვაკვირდებით, იმედია, მსგავსი მასშტაბის არ იქნება.
ზოგადად ჩვენს ბაზარს ძალიან ეხმარება ის საერთაშორისო სტატისტიკის მონაცემები, რომლებიც ბოლო პერიოდში ქვეყნდება. მაგალითად, გამოჩნდა რუკები, სადაც საქართველო უფრო უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული ჩვენს მეზობლებთან შედარებით, რაც ქვეყანაზე გავლენას ახდენს და ყველაზე დიდი პოტენციალი, რომ მოხდეს აქტივების შეძენის მსურველების ზრდა, ჩვენი ქვეყნისკენ იქნება მომართული. თუ მალე დასრულდა ეს პროცესი, დიდი გავლენა რა თქმა უნდა, არ ექნება, თუმცა თუ გაგრძელდა რამდენიმე თვე, აუცილებლად მოხდება შესაბამისი ცვლილებების ასახვა საქართველოს უძრავი ქონების სექტორში. პირველ ეტაპზე, თუ ეს მოთხოვნა დრამატულად დიდი არ იქნება, ფასზე დიდ გავლენას არ იქონიებს“, - აცხადებს ნატო ბოჭორიშვილი.
მისივე განმარტებით, არარეზიდენტი მოქალაქეები ქონებას ძირითადად საინვესტიციო მიზნობრიობით და სწორედ ამიტომ არის უფრო პოპულარული აჭარის რეგიონი. რაც შეეხება საქართველოში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ქვეყნებს, ძირითადად, ეს არის როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ასევე, ისრაელი და გალფის ქვეყნებიდანაც ინტერესი პერიოდულად ფიქსირდება და იზრდება ხოლმე.