მთავრობის გადაწყვეტილება ბიზნესში ჩარევა არ არის, სუს-ი ვიღაცის დასასჯელად არ შესულა, არამედ საბუთები ამოიღო, რაც ნორმალურია, - ამის შესახებ „ემსიბი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრე რატიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი დარგი ერთადერთი, რომელშიც არანაირი თამაშის წესები არ არის დაწესებული.
„ძალიან მძიმე პირობებია - ეს არის „ქეშბექი“, შესვლის გადასახადი, გადახდის ვადები, 45 დღიანი ვადები გვაქვს იმ პროდუქტებზე, რომლებიც რიგ შემთხვევაში 3-4 დღეში იყიდება, ეს კი ნაღდი ფულის ნაკლებობას ნიშნავს, კრედიტებს მაშინ, როდესაც ისინი ვითარდებიან და უნდა განვითარდნენ, მაგრამ საუბარია პარტნიორულ, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე და არა მხოლოდ ერთი მხარის ინტერესის დაკმაყოფილებაზე, მეორე მხარის გაკოტრებისა და ზარალის ხარჯზე.
ჩვენ, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების სახით, წლებია - პარლამენტის თავმჯდომარეებთან, მინისტრებთან, პრემიერ-მინისტრებთან, კონკურენციის სააგენტოსთან გვქონია შეხვედრები და ეს საკითხი დაგვიყენებია, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, აქამდე ეს არ მომხდარა.
ეს ერთადერთი დარგია, რომელშიც არანაირი თამაშის წესები არ არის დაწესებული. თავისუფალი ბიზნესმენი ვარ და ყველა ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, ყოველგვარი უხეში ჩარევა რეგულაციის სახით, მიუღებელია. რომ არა ქსელები, პროდუქციას ვერ გავყიდდით. მთავრობის ეს გადაწყვეტილება ბიზნესში ჩარევა არ არის, სუს-ი ვიღაცის დასასჯელად, საქმის გასაჩერებლად და ვინმეს მოსასპობად არ შესულა, არამედ საბუთების ამოსაღებად შევიდა, რაც ნორმალური პროცესია. შესაძლოა არ მოგვწონს სუს-ის ბიზნესში შემოყვანა, მაგრამ ის, რაც ხდება, ბევრად უარესი პროცესია.
ახლა მოლოდინი მაქვს, რადგან მსგავსი პროცესი პირველად ხდება, როდესაც პრემიერის დონეზე, არა პოპულიზმისთვის, არამედ პირველი ინტერვიუს შემდეგ აქტიურ მოქმედებას ვხედავთ“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.
ipn.ge